ტელევიზია

საზ. მაუწყებელმა ხოფერიასა და სანაიას გადაცემები დახურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების, ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას განცხადებით, მათი გადაცემები, „აუდიტორია“ და „რეპორტაჟი“ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ მათ ფეისბუქის გვერდზე დაწერეს. 

"გია ჭანტურიამ შეთანხმება დაარღვია და ჩემი გადაცემა გააჩერა. პირდაპირ მითხრა, რომ მე მისთვის პრობლემა ვარ და ჩემი გადაცემა პოლიტიკურ პროცესებზე არ აწყობს. ზოგიერთებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მე ვაპირებ შევურიგდე დღევანდელ გადაწყვეტილებას და საზოგადოებრივი მაუწყებელი დავტოვო...არავითარ შემთხვევაში! მე ვაპირებ ჩემი გადაცემის აღდგენას და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. გარდა ამისა, მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონტრაქტი, რომლის გაუქმებას სჭირდება საფუძველი, რაც არ არსებობს და ეს დღეს ვერავინ წარმომიდგინა. კიდევ ერთი - არხზე გადის ჩვენი პროექტი ,,ევროპული არჩევანი", რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ეს გადაცემა ვალდებულებით უნდა გაგრძელდეს...მქონდა და მაქვს კიდეც ძალიან მომხიბლავი და კარგი შემოთავაზეზები, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას", - წერს ვახო სანაია.

ეკა ხოფერიამ ფეისბუქის პირად გვერდზე გუშინ საღამოს განაცხადა, რომ გადაცემა დაუხურეს, თუმცა ჯერ კიდევ შუადღისას მის განახლებაზე იყო საუბარი. "გადაცემა "აუდიტორია" დამიხურეს. დღეს, ჯერ კიდევ შუადღისას, მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, "აუდიტორია" შეინარჩუნებდა მის ფორმატს-საზოგადოებრივ-სოციალურ თოქ -შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ ის "აუდიტორიას" აჩერებს და რომ მას არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან", - წერს ხოფერია.

კომენტარები