საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია, - ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ივანიშვიმა გამოთქვა რწმენა, რომ მისი კოალიცია აუცილებლად გაიმარჯვებს. თუმცა, მისი თქმით, ამისათვის „მხოლოდ თავგანწირვა არ არის საკმარისი“ და მიზნის მისაღწევად საჭიროა გეგმა, რომელიც კოალიციას უკვე შემუშავებული აქვს და წარმატებით ხორციელდება.
"პროცესები დღეიდან შეუქცევად ხასიათს მიიღებს, შეუძლებელია უკვე დაწყებული პროცესის შეჩერება. რაც არ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი ხელისუფლებას, ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დღეიდან კოალიცია იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას და მისი მიზანია არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება. აქვე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მან ძალიან კარგად იცის როგორ უნდა მოახერხოს ეს, რადაგან „კარგად იცის შრომის ფასი“.
„მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს მოქალაქეობა თქვენ მომანიჭეთ“, - განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა. მისი თქმით, იგი საქართველოს მოქალაქეა იმიტომ, რომ „ისე არავინ უყვარს, როგორც საკუთარი ხალხი“. "ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის. გავიხსენოთ 9 აპრილის მოვლენები, რომლებიც ამ ადგილთან ახლოს განვითარდა. გავიხსენოთ ისინი, ვინც ერთი წლის წინ 26 მაისს ხელისუფლების გაუგონარი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და შეკრებილებს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისათვის.
"ხელისუფლების უგუნურობა უკვე იქამდე მივიდა, რომ ის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელშიც მისი ღრმა რწმენით "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს.
აქციის დასასრულს მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართული ოცნების ჰიმნი შეასრულა.
როგორც Associated Press -ი იუწყება, თავისუფლების მოედანზე სულ მცირე 40 ათასი ადამიანი შეიკიბა. სააგენტო ინტერპრესნიუსის გაანგარიშებით - 110 ათასი.იგივე მონაცემს აქციის ორგანიზატორები ასახელებენ. Associated Press -ს მოჰყავს პოლიციის მონაცემები იმის შესახებ, რომ მომიტინგეთა რიცხვი სულ მცირე 30 ათასს შეადგენდა.





