დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერ ნინო ბურჯანაძესა და სახალხო კრების წარმომადგენლებთან მივიდა და მათ ხელი ჩამოართვა. რასაც ტაძარში შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა. სააგენტო პრაიმტაიმნიუსის ცნობით, ამან სასულიერო პირების აღშფოთება გამოიწვია. მამა გიორგი ზვიადაძემ მრევლს "ღვთის სახლში მოკრძალებითა და პატივისცემით მოქცევისკენ" მოუწოდა, რადგან "ეს არ არის პოლიტიკური შეკრებებისა და პოლიტიკური დაპირისპირებების ადგილი".
დღეს სამების საკათედრო ტაძარში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც ბურჯანაძის პარტიის, სახალხო კრების, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები დაესწრნენ. მათ შორის ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე.
ამავე დროს, ქართულ ოცნებაში ივანიშივილს კოალიციასა და ნინო ბურჯანაძეს შორის შესაძლო თანამშრომლობას არ ადასტურებენ. როგორც ინტერპრესნიუსს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა განუცხადა, ბურჯანაძესთან თანამშრომლობის საკითზე „ბიძინა ივანიშვილმა პასუხი დიდი ხნის წინ გასცა“.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების ლიდერი რამდენიმე თვის წინ სახალხო კრების წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა, ნინო ბურჯანაძესთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. რადგან, მისი აზრით, 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების გამო პასუხუსმგებლობა მას ეკისრება.




