საქართველოს ეროვნული ნაკრები

თურქეთი 3:1 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში თურქეთთან ამხანაგური შეხვედრა 1:3 წააგო. თემურ ქეცბაიას გუნდმა ავსტრიული შეკრება ამ მატჩით დაასრულა.

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი 0:2 წააგეს: ჰამიტ ალტინტოპმა და ნური შაჰინმა ჩვენი გუნდის დაცვის უხეში შეცდომებით ისარგებლეს. პირველმა თავური დარტყმით გაიტანა გოლი, შაჰინმა კი მეკარესთან პირისპირ გასვლის შემდეგ. სათქმელია, რომ გიორგი ლორიამ კიდევ ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, ერთ მომენტში კი ქოიბაში ისმაელმა ხელსაყრელ მომენტში ვერ ივარგა.

პირველ ტაიმში გოლის გატანი ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან ჯაბა კანკავამ - ბურთი დროულად ვერ დაამუშავა და დარტყმას მცველი გადაეფარა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო თამაში, რასაც მალე გოლიც მოჰყვა: ნიკა გელაშვილის პასის შემდეგ კანკავამ ბურთი გაატარა და დავით თარგამაძემაც ზუსტად დაარტყა - 1:2.

ქეცბაიას გუნდმა გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, 55-ე წუთზე კი ლევან მჭედლიძეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ბურთი თურქთა მეკარეს გიონენ ჩენქის სახეში მოხვდა. სახიფათო მომენტი ალექსანდრე ამისულაშვილის საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, რის შემდეგაც მეკარემ ბურთი ვერ შეიმაგრა და მჭედლიძეს მიუვიდა.

მატჩის მიწურულს თურქებმა მესამე გოლი გაიტანეს: კუთხურის შემდეგ ბურთი საჯარიმოში გურამ კაშიას ხელზე მოხვდა და ავსტრიელმა არბიტრმა მარკუს ჰამატერმა სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა. ინან სელჩუკმა ლორიას აჯობა - 3:1.

ცნობისათვის: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად გაუშვა 3 გოლი.

ჩვენმა გუნდმა მეხუთედ ითამაშა თურქეთთან და მესამედ დამარცხდა: 2002 წელს ამხანაგური მატჩი ტრაბზონში 0:3 დათმო, 2004 წელს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევში იქვე ფრედ 1:1 ითამაშა, 2005 წელს, იმავე საკვალიფიკაციოში თბილისში, მიხეილ მესხზე 2:5 განადგურდა, 2007 წელს კი კვლავ თბილისში, ეროვნულ სტადიონზე 1:0 სძლია მეტოქეს.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ საწვრთნელ მატჩს ჩაატარებს: 15 აგვისტოს თბილისში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

 

24 მაისი, 2012. ამხანაგური მატჩი. ავსტრია, ზალცბურგი, რედ ბულ არენა. 700

თურქეთი 3:1 საქართველო

გოლები: 0:1 ჰამ.ალტინტოპი (12), 0:2 ნ.შაჰინი (39), 1:2 დავით თარგამაძე (51), 1:3 ი.სელჩუკი (82, პენ)

თურქეთი: გ.ჩენქი (გ.მერთი 62), ქ.ეგემენი, კ.ისმაელი, მ.ტოპალი, კ.სერდარი, ი.ტოპრაკი, ნ.შაჰინი (ი.სელჩუკი 57), ჰამ.ალტინტოპი (კაპ) (ს.სარარერი 70), პ.მუსტაფა (ბ.უმუთი 61), ს.სერქანი, ტ.გიოქჰანი (ა.თურანი 57)

მწვრთნელი: აბდულა ავჩი

საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე (მურთაზ დაუშვილი 46), გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია (გიორგი ფოფხაძე 63), ჯაბა კანკავა (ჯაბა ლიპარტია 72), ზურაბ ხიზანიშვილი (კაპ), დავით თარგამაძე (თორნიკე ოქრიაშვილი), სანდრო კობახიძე, ნიკა გელაშვილი (ნიკა ძალამიძე 89), ლადო დვალიშვილი (ლევან მჭედლიძე 46)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: ი.ტოპრაკი, ლევან მჭედლიძე

მსაჯები: მ.ჰამატერი;  რ.ბრანდნერი, კ.ტრუნერი (ავსტრია)

კომენტარები