"როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა" - პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის განცხადება სავარაუდოდ შეეხება შაბათის ფორმულას მიერ 2022 წელს მოპოვებულ მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათი ცნობით, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმამ, ნოდარ ნიშნიანიძემ ნაკრების წევრებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას გაუგზავნა. ნიშნიანიძე აუდიჩანაწერში უკმაყოფილებას გამოხატავს ყაზაიშვილის განაცხადს მიღმა დატოვების გამო და ადრესატებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.