გამოფენა

რისი გაკეთებაც თანამედროვე ხელოვნებაში არ შეიძლება

ერთმა ჩემმა მეგობარმა, არქიტექტორმა შოთა ბოსტანაშვილმა, ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი გამოფენის გახსნაზე მითხრა: ეს ყველაფერი უკვე საკონტროლო გასროლას ჰგავს. თანამედროვე ხელოვნება მკვდარია და არტისტები კიდევ ერთხელ ცდილობენ მის საბოლოოდ მოკვლასო.

თანამედროვე ხელოვნება თავიდანვე, ფუტურიზმის და კუბიზმის დროიდან, ტექნიკური პროგრესის პარალელურად ვითარდებოდა. თანამედროვეობისა და მეცნიერებისადმი ასეთი დამოკიდებულების შედეგად მასში ისეთი მკაცრად ტაბუირებული ტერიტორიებიც წარმოიქმნა, როგორიცაა – სული, მიღმიერი ცხოვრება და პორნოგრაფია. დღეს ხელოვნებაში რადიკალურად ახალი თემატიკის ძიება თითქმის შეუძლებელია და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (ხელმძღვანელი ვატო წერეთელი) ახლახან მოწყობილი გამოფენის მსგავსი ძიებები სხვაგანაც არ უნდა იყოს ხშირი. მეორე მხრივ კი, არტის დადგენილი სტანდარტები დიდი ხანია ინტერესის კლების კრიზისს განიცდის; ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონიდან მსოფლიო ავანგარდის რუკაზე ცოტა ხნის წინ კონვერტირებულმა მოსკოველმა კონცეპტუალისტმა მხატვრებმაც კარგად იციან, რომ მარკეტის თვალსაზრისითაც არტი დღეს ნაკლებად აინტერესებთ. თბილისის გამოფენის – “სხვა სხეული” – კურატორია მარიამ ნატროშვილი და ცხადია, ეს სათაური და კონცეფციაც მას ეკუთვნის. საგამოფენო სივრცეში ასეთი ინოვაცია, სადაც მხატვრები მიღმიერ, წარმოსახულ და არარეალურ სხეულს და ცხოვრებას ეძებენ, ნამდვილად მისასალმებელია – მით უმეტეს, რეგიონალურ კონტექსტში.

გერმანიის კულტურის ფონდმა ორი წლის წინ სოლიდური ბიუჯეტი გამოყო მსგავსი პროექტისთვის. ამით მან თანამედროვე არტისტებს ისეთ განდევნილ და არარენტაბელურ თემებზე მუშაობის სტიმული მიეცა, როგორიცაა სიკვდილის შემდგომი რეალობები, მედიცინა და ონტოლოგია. ცნობილია, რომ მთელი ავანგარდი, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი თავიდანვე დაკავშირებული იყო ნეომარქსისტულ ფილოსოფიასთან, რომლის მიხედვითაც ნამუშევარში ფორმა იყო ერთადერთი შინაარსი. სხვა სიტყვებით, ხილული სხეულის და ფორმის მიღმა სხვა არანაირი სული არ მოიაზრებოდა.

გერმანულ პროექტს არასრულად “არამკვდართა დაბრუნება” ერქვა და დანარჩენ პროექტებს შორის პრიორიტეტული იყო. მისი ძირითადი თემა გახლდათ ის, რომ მასკულტურაში მიღმიერი სამყაროს ან აჩრდილთა რეალობა საყოველთაოდ მიღებული ცნებები თუ პირობითობები ხდება („ჰარი პოტერი”, „ბეჭდების მბრძანებელი” და სხვა), მაშინ როდესაც თანამედროვე ხელოვნებაში ეს ერთგვარად “სასირცხვილოა” და აქ მხოლოდ ერთეულები ეჭიდებიან მსგავს თემებს. ამათგან კი კიდევ უფრო ცოტა მოჩანს ზედაპირზე – მეთიუ ბარნი ან კენეთ ანგერი. და კიდევ – მარინა აბრამოვიჩი. თუმცა ეს უკანასკნელი ისევ მოკრძალებული აკადემიური აურით წარმოგვიდგება ხოლმე და ტელეპათიის სამეცნიერო კონტექსტთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მიღმიერ სამყაროებთან.

თბილისის გამოფენას რაც შეეხება, გზამკვლევში სწორად იყო აღნიშნული (სოციალური ქსელის მეშვეობით რაც გავრცელდა), რომ აქ უფრო თამაშია. დიახ, ეს იყო თავისუფალი, მეტაფორული დამოკიდებულება და განწყობითი ჟესტები. მაგალითად, მუსიკოსი და პოეტი ზურა ჯიშკარიანი ტრიუკს იყენებს და დარბაზში ფენს ფართოდ დაბეჭდილ კოდს, რომლის ბრაუზერში გადატანისას თქვენი კომპიუტერის ეკრანზე კაზიმირ მალევიჩის “შავ კვადრატს” იხილავთ. მისი მიდგომა ისევ მარქსისტულია – სხეულის მიღმა ახალ სხეულს ეძებს, საყოველთაოდ აღიარებული ფინალური შავი კვადრატის მიღმა (თუმცა, რამდენი რამე მოხდა მას მერე) პოულობს უხილავ მასალას – ვირტუალურ სივრცეში მდებარეობის ციფრებს და ალგორითმს. არანაირი ჰარი პოტერი ამ გამოფენაზე არ არის, თვალსაც ვერ მოკრავთ ბეჭდების მბრძანებელსაც. ეს ხომ არ შეიძლება, სირცხვილია.

გამოფენაში 13 მონაწილე რომ იყო, ალბათ ესეც რაიმე კოდი და იმის სიმბოლოა, რომ მიღმიერი და ახალი სხეულების ზონა საშიშია. ბესა ქართველიშვილმა და კოკა ვაშაკიძემ თაიგულად შეკრული ნათურები ჩამოკიდეს იატაკის ზედაპირიდან

ოდნავ მაღლა და ამით არცთუ არაირონიულად შეგვახსენეს გავრცელებული გამონათქვამი “ნათელში ამყოფოს”. რა თქმა უნდა, სინათლე მატერიალურია და ვიცით, რომ ეს ისევ მარქსისტული კონოტაციაა.

ბესა ქართველიშვილი და კოკა ვაშაკიძე ნამდვილი მკვლევრები არიან, მათზე, ცალკეულ იშვიათ გამოფენებს რომ არ უცადო, საუბრებისგან შედგენილი წიგნის დაწერაც კი შეიძლება. მათი შეკითხვები არის გულწრფელი, კლიშეებისგან თავისუფალი და ხელოვნების სემიოტიკაში ხაზგასმული ინტერესით აღჭურვილი. ამიტომაცაა მათი ნამუშევრები მოქმედი. თუ საქმე ირონიას შეეხება, მათთან ეს მომენტი სწორედ ინტერესის დამადასტურებელი სამხილია.

დანარჩენი მხატვრები აბსტრაქტული პეიზაჟებით შემოიფარგლნენ. აბსტრაქციას ხომ, თუნდაც ლამაზს და დრამატულს, რასაც გინდა იმას დაარქმევ და ძალიან მომგებიანია. ილიკო ზაუტაშვილის დიპტიხი “ბგერა და ვიბრაცია” მისი შემოქმედების საწყის, ლირიკულ პერიოდთან გვაბრუნებდა, სადაც ადამიანის, ქალის ან მეგობრის მიწაზე არსებობა ჩვენ მიერ ძებნილ მიღმიერ სინამდვილესაც ეკუთვნის.

სხვა სხეულის ძებნა თანამედროვე მხატვრობას, წესით, უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს ტექნიკით და პოლიტიკით სავსე დღევანდელ სიტუაციაში. მხატვრები ვიდეოს და მედიას აღმერთებენ. ეს აპარატები კი, სხვა სამყაროებს ვერ იღებენ.

 

კომენტარები