ფეხბურთი

დაცლილი იტალია

იტალიამ მოიწყინა. ვიწრო ქუჩებში, მაკაგონის მაგიდებთან, ჰამაკებში, უმკლავო მაისურებში იტალიელები იტალიურ ამბებზე ჭორაობენ. საღამოს სენიორ ბენვენუტო ახალ მარგარიტას გამოიტანს. ოთხი ყველის პიცაც წამოვა, ლაზანიას არომატი დაბოღმილ მეზობელს ბოღმას გააგდებინებს. იტალია იტალიურად მოდის აზრზე და იტალია ფიქრობს. ნეაპოლში ბუთხუზა მზარეულს წაეტირა, როდესაც გაზეთის შიდა გვერდზე დიეგო მარადონას ფოტო ნახა. დიეგო ნეაპოლს, კარეკას, იტალიას იხსენებს და ძველი ამბები ენატრება. პიცა ერთჯერადია, ლაზანიასაც ავითვისებთ და იტალიურ ფეხბურთში ცოტა ფეხბურთელი რჩება.

მილანიდან ფილიპო ინძაგი მიდის. ჯენარო გატუზოც. უნდა დაისვენონ კლარენს ზეედორფმა და ალესანდრო ნესტამ. სადმე სხვაგან, მილანისგან შორს. მილანი იცვლება და მილანს მილანი ენატრება. გატუზო მილანის, იტალიის ნაკრების ჯეიმს კაანი იყო. ჯენარო სიცილიაში დაბადებული და შოტლანდიაში გაზრდილი კაცია. ჯენარო დიდი ისტორიაა. მილანის ცამეტწლიანი ისტორია.

ნესტა აგრესიას გასახდელში, ფრანკო ბარეზის პიჯაკის გულის ჯიბეში ტოვებდა. ერთ-ერთი ქართული ვიზიტის დროს, თბილისის აეროპორტში, ნესტას ქართველი გულშემატკივარი დახვდა, ჟილეტიდან პატარა ფოტოაპარატი ამოიღო და დაუყვირა – ფილიპო, ფილიპო, მოდი რა, აქეთ, აქეთ, ერთი ფოტო რა, კაი? ნესტას გაეცინა, აუხსნა, რომ ფილიპო არ არის და მხოლოდ ალესანდრო ნესტაა. ქართველი გულშემატკივარი ქართველი გულშემატკივარივით მოიქცა, ნესტას ცხვირწინ ხელი აუქნია და გაეცალა. ნესტას გაეცინა. ის ქართველი ერთ წამში აღარ ახსოვდა და ცელქ ბუფონს თვალს უკრავდა. ალესანდროს ფეხბურთიც მხოლოდ პოზიტივი იყო.

ალექს ფერგიუსონის ვერსიით ოფსაიდში დაბადებულ ინძაგის გამაღიზიანებლად ბევრი გოლი გაჰქონდა და უფრო მეტს აცილებდა. მეკარის ზონაში ლამაზი ბიჭი ერიკ ლინდროსივით ტრიალებდა. ერიკი ერთი შეხებით შაიბას ეფერებოდა და ფილიპო ერთი შეხებით ბურთს იცნობდა. ინძაგი ბურთის ახლობელი, პოპულარული პერსონაჟი და დიდი კაცია.

ზეედორფი ყველგან მივიდა, ყველაფერი ნახა და ყველაფერი მოიგო.

იუვენტუსიდან კი ალესანდრო დელ პიერო წავიდა. ფეხბურთის მიქელანჯელო ანიელის გალერეაში ზედმეტია და იქ ახალი გამოფენა გაიხსნება. მარკიზიოს, მატრის, ლიხტშტაინერის, დე ჩელიეს, კიდევ ერთი დე ჩელიეს და მეორე მარკიზიოს გამოფენა. იუვენტუსში ყველა დე ჩელიე და მარკიზიოა. გუნდი არ აგებს და იუვეს გულშემატკივარს იუვეს ფეხბურთელები არ ახსოვს. დელ პიეროს შემდეგ, იუვენტუსში ბურთთან ყველაზე ახლოს ანტონიო კონტეა. მწვრთნელი. დელ პიერომ დაატვიტერა – სანდრო, რინო, პიპო, კლარენსი. ჩემი მეგობრები, მოწინააღმდეგეები და არასოდეს – მტრები. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად და თქვენ წინააღმდეგ ვითამაშე. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო.

იტალიამ მოიწყინა. ერთჯერადი პიცის შემდეგ, ერთჯერადი იტალიური ფეხბურთი მოდის. დელ პიეროს, ნესტას, გატუზოს, ზეედორფის და ინძაგის გარეშე.

იტალია ფეხბურთისგან იცლება.

 

 

კომენტარები