უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა, საქმიანობას დღეიდან იწყებს.
კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, კომისია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციას უწყობს ხელს და მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგს აწარმოებს.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე დამკვირვებლებთან ითანამშრომლებს.
"კომისია უფლებამოსილია, შეისწავლოს საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მედიით გავრცელებული ცნობები და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რეაგირება მოახდინონ გამოვლენილ ფაქტებზე.” - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შეიქმნა და მის საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პირველად, პრეზიდენტის ინიციატივით, 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა.




