პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში შუახნის მამაკაცმა, გიორგი ჩიხლაძემ ცეცხლმოკიდებული დოკუმენტები შეყარა. ცეცხლი სახანძრო ბრიგადის მისვლამდე ჩააქრეს.
მოქალაქის განცხადებით, მას პარლამენტის დაზიანება არ სურდა, ამ ქმედებით მას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა განზრახული. ჩიხლაძის თქმით, იგი 7 წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ციხეში ყოფნისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი თქმით, მას არ აქვს მკურნალობისთვის საჭირო თანხა და დახმარებისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა უზნაძის განცხადებით, ჩიხლაძემ პარლამენტს დეკემბერში ოპერაციის დაფინანსების თხოვნით მიმართა. მისი თქმით, მოქალაქის მიმართვაზე პარლამენტმა რეაგირება მოახდინა და განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა.
ჩიხლაძე პარლამენტის დაცვის სამსახურმა დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, მოქალაქეს ”შესაბამის ადგილას გადაიყვანენ”.




