ფეხბურთი

ალესანდრო და ძველი პოსტერი

ალესანდრო დელ პიერო მარადონაზე გაიზარდა, ამიტომ ბურთს არგენტინულად, ცოტა ქუჩურად ეფერება და ელეგანტურად, დიეგოს მოძრაობით გტეხავს. ბავშვობაში მამამ, სენიორ ჯინომ, ალესანდროს მარადონას პატარა პოსტერი მიუტანა. სადღაც, მეგობრის ჯიხურში ნახა გაბზარულ სარკეზე აკრული და მოხსნა. დელ პიეროს ის დღემდე შენახული აქვს. ფრანც ბეკენბაუერის, მიშელ პლატინის და რობერტო ბაჯოს ფოტოებიც იმ კედელზეა.

დელ პიერო: „პირველი ბურთი უფროსმა ძმამ, სტეფანომ მაჩუქა, ვიღაცას მილანის ფორმაში გაუცვალა. მაშინ დედა ეზოში არ მიშვებდა – ალეს სუსტი ფილტვები აქვს, არ გაცივდეს, ფეხი არ იტკინოს. ერთხელ ჩამომყვა, შემოვიდა მოედანზე, თამაში გააჩერა, ბურთი აიღო, მომკიდა ხელი და კარში ჩამაყენა. აქ ნაკლებად გაოფლიანდები, მუხლებსაც არ იტკენ და ბასტა, კარში უნდა იდგეო. იმ თამაშზე ბოლომდე დარჩა. ერთ მომენტში ბურთი მომიგორეს, გავხედე დედას, რომელიც მეგობარს, სენიორიტა ამელიას ეჭორავებოდა. ჰოდა, დრო ვიხელთე, ჩვენი კარიდან მეორე კარამდე ჩავირბინე და კარში ბურთთან ერთად შევვარდი. გოლი ყველას მოეწონა, მაგრამ დედამ ეგრევე სახლში ამიყვანა. მას შემდეგ უბნის დიდი ბიჭები ჩვენთან სახლში მოდიოდნენ, სენიორიტა ბრუნა, ალე ერთი საათით გამოუშვით, კარში ჩავაყენებთ, მეტი არაფერიო. მართლა კარში ვდგებოდი, თუმცა 4, 5 ან მეტი გოლი აუცილებლად უნდა გამეტანა”.

დელ პიეროსთვის ფეხბურთი მარადონაა. ალესანდრო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩანაწერს რთავს. იტალია-არგენტინა. ბავშვობაში სწორედ ამ თამაშის პირველივე ტაიმში მოიწამლა დიეგოთი. მარადონამ წაიცეკვა და ჯოვანი გალის ბურთი შორეულ კუთხეში ჩაუსვა.

დელ პიერო: „დიეგოს ის გოლი კარგად მახსოვს და უბანში მეგობრები ხმას არ მცემდნენ, მოედანზე მარადონას ფორმით თუ გავდიოდი. არადა, ფეხბურთში ჩემთვის ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. დიეგო კი ფეხბურთი იყო. იტალიაში გვყავდა მიშელ პლატინი, ელეგანტური, ემოციური ბიჭი. მარადონას ენერგია ყველაფერს ფარავდა და პლატინი ფეხბურთით გელაპარაკებოდა, ყველაფერს გიხსნიდა. მიშელი ყველაზე რთულ მოძრაობასაც მარტივად, გასაგებად აკეთებდა და დიეგოს შემდეგ, პლატინი ნამდვილად პირველია”.

დელ პიეროც ფეხბურთით გელაპარაკება. ის მარადონას და პლატინის მიქსტია. დელ პიერო ძირითადად ისვენებს, იუვენტუსში კი ფორვარდებს მეორადში აწყობილ ბიჭებს ეძახიან. ეს იუვენტუსის, ანტონიო კონტეს პრობლემაა. კონტე კარგი მწვრთნელია და პრობლემებს ჯერ აგვარებს. აგერ, ჩემპიონიც გახდა. თუმცა დელ პიეროს შოუსთვის მაინც მეტი დრო უნდა გამოეყო. თუნდაც ამ სიტყვებისთვის: „ფეხბურთის ისტორიაში ბევრი დიდი მოთამაშეა. ჩემთვის ფეხბურთი იმპროვიზაცია და მსუბუქად აზროვნებაა. მარადონა, პლატინი, ბაჯო, ბეკენბაუერი. დღეს მესი და ინიესტა. ეს ორი მსუბუქად აზროვნებს, ბურთს უხეშად არ ელაპარაკება. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემზეც იტყვიან, რომ თავისუფალი, მსუბუქი მოთამაშე ვიყავი. რომ ასაკმა ჩემს ფეხბურთით აღფრთოვანებას ვერაფერი დააკლო”.

 

კომენტარები