საქართველო-გერმანია

დავით ბაქრაძე მერკელის მრჩეველს შეხვდა

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ფედერაციის კანცლერის, ანგელა მერკელის მრჩეველს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფ ჰოისკენს შეხვდა.

ბაქრაძისა და ჰოისკენის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და ჩიკაგოს სამიტი იყო.

კანცლერის მრჩეველმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მან აღნიშნა, რომ ფედერაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და არ ცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„ვისაუბრეთ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებზე და იმაზე თუ რა სახის პოზიტიური სიგნალი შეიძლება მიიღოს საქართველომ ჩიკაგოს სამიტზე. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების პრობლემატიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძემ კრისტოფ ჰოისკენს საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებისა და საპარლამენტო არჩევნების სამზადისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „მას ვთხოვე დაგვეხმაროს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ.” – აღნიშნა ბაქრაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში შეხვედრებს 7 მაისიდან მართავს. დელეგაციაში, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.

 

კომენტარები