მალი

ქვეყანა ქაოსში

აფრიკის დასავლეთში მდებარე ქვეყნის, მალის პრობლემები 22 მარტს სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო და 6 აპრილს გაგრძელდა ტუარეგი სეპარატისტების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე აზავადის რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით.

კრიზისული სიტუაცია თვეების მანძილზე მწიფდებოდა. სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურებას ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა, რის გამოც სამხედროებმა, კაპიტნის ჩინის მქონე 40 წლის ამადუ სანოგოს მეთაურობით, გადატრიალება მოაწყვეს – ხელისუფლებას ჩამოაშორეს პრეზიდენტი ამადუ ტუმანი ტურე. მალის მოსახლეობას ტურეს გაძევებით გული ნამდვილად არ დასწყვეტია, რადგან მთავრობა კორუფციაში, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში იყო ჩაფლული. ტურე მალის პრეზიდენტის პოსტს 2002 წლიდან იკავებდა და 2010 წელს გადატრიალების ორ მცდელობასაც გადაურჩა.

ტურეს გაძევების მიუხედავად, კაპიტანმა სანოგომ აზავადის გათავისუფლების ნაციონალურ მოძრაობას (MNLA) ვერაფერი დაუპირისპირა. MNLA-მ რიგრიგობით აიღო ქალაქები: კიდალი, გაო და ტიმბუქტუ. მის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა ექსტრემისტული ჯგუფებიც, მათ შორის ალ-ყაიდას მოკავშირე ისლამისტური ორგანიზაცია ანსარ დინი (ითარგმნება, როგორც რწმენის დამცველები). ალ-ყაიდას ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონულ შტოსთან ურთიერთობებში MNLA-ც არის ეჭვმიტანილი, თუმცა ამ ბრალდებას მოძრაობის ლიდერები გულმოდგინედ უარყოფენ.

MNLA მალის არმიაზე უკეთ არის შეიარაღებული და ორგანიზებული. მას ზურგს უმაგრებენ ლიბიიდან გადმოხვეწილი ტუარეგი

მებრძოლებიც, რომლებიც მუამარ კადაფის მხარეს იბრძოდნენ. MNLA-მ აზავადის დამოუკიდებლობა 6 აპრილს გამოაცხადა, ერთ დღით ადრე კი მალის არმიასთან ცეცხლი ცალმხრივად შეწყვიტა. დამოუკიდებლობის გამოცხადებით, MNLA-ს სურდა ეჩვენებინა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთს სწორედ ის აკონტროლებს და არა ანსარ დინი ან სხვა რომელიმე მოძრაობა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ისლამისტმა ექსტრემისტებმა შარიათი შემოიღეს. დამოუკიდებლობის გამოცხადებით MNLA-მ სცადა ECOWAS-ის (დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა) სავარაუდო სამხედრო ჩარევისთვის დაესწრო.

MNLA-ს ენთუზიაზმი საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაიზიარა და აზავადის დამოუკიდებლობა გამორიცხა აფრიკის კავშირმაც. ასევე მოიქცნენ ყოფილი მეტროპოლია საფრანგეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატებიც. აზავადის დამოუკიდებლობა ხელს არც მალის მეზობელ სახელმწიფოებს აძლევს, სადაც ასევე სახლობენ ტუარეგები – ლიბიას, ნიგერს, ალჟირსა და ბურკინა-ფასოს. მეორე მხრივ, აზავადში ტუარეგების გარდა ცხოვრობენ არაბები და სონღოისა და ფულბეს ტომის ხალხები.

MNLA-ს დამოუკიდებლობამ მალის სამხედრო ხუნტა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ის, პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციაში იყო მოქცეული. გადატრიალების შემდეგ, ECOWAS-მა მალის წევრობა შეუჩერა და ფინანსური სანქციები დაუწესა, ხოლო მეზობელმა ქვეყნებმა მალისთან დიპლომატიური და სავაჭრო კავშირებიც გაწყვიტეს. სამხედროების ინიციატივას, ეგრეთ წოდებული ნაციონალური კონფერენციის ჩამოყალიბების თაობაზე, მალის პოლიტიკური ძალები არ გამოეხმაურნენ. სანოგო იძულებული გახდა ხელისუფლება გადაეცა პარლამენტის სპიკერ დიონკუნდა ტრაორესთვის, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს. ECOWAS-თან ხელმოწერილი შეთანხმებით სამხედროებმა ამნისტია მიიღეს, ქვეყანას სანქციები მოეხსნა და ხელისუფლების სათავეში ექსპრეზიდენტ ტურეს დაბრუნება გამოირიცხა. მალიში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს.

ტრაორე, პირველ რიგში, აზავადის საკითხის მოგვარებას ეცდება. ამაში მას დაეხმარება ECOWAS-ი, რომლის წევრი ქვეყნების ლიდერები

მშვიდობისმყოფელთა 3000-იანი სამხედრო კონტინგენტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთმა კონფლიქტში სამხედრო ჩარევა გამორიცხა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ალან ჟუპეს განცხადებით, პრობლემა მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს. ამავე დროს, ფრანგებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სამშვიდობო მისიას ლოჯისტიკური დახმარება აღმოუჩინონ.

ჯერჯერობით აზავადი მსოფლიოს ქვეყნებს არ უცვნიათ, რაც MNLA-ს მოლაპარაკებებზე წასვლის შანსებს ზრდის. დასავლეთის ქვეყნების უპირველეს საზრუნავს არა MNLA, არამედ რეგიონში ისლამისტური ექსტრემიზმისა და ალ-ყაიდას ფეხის მოკიდების საფრთხე წარმოადგენს. შესაძლოა, მალის ცენტრალურმა ხელისუფლებამ MNLA-ს გაფართოებული ავტონომია შესთავაზოს, სანაცვლოდ კი ანსარ დინის წინააღმდეგ მოქმედება მოითხოვოს.

საჰარის უდაბნოსა და აფრიკის ტროპიკულ სარტყელს შორის მოქცეულ საჰელის რეგიონში ტუარეგების საერთო რაოდენობა 5 მილიონს აღემატება. ანთროპოლოგების ვარაუდით, ისინი აფრიკის ჩრდილოეთში მცხოვრები ბერბერების არაბებთან და შავკანიან აფრიკელებთან ასიმილაციის შედეგად წარმოიშვნენ. ტუარეგები საჰელში ფრანგი კოლონიზატორების გამოჩენამდე დომინირებდნენ, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კი 1960-იანი წლების შემდეგ იბრძვიან.

ტუარეგები საჰარის უდაბნოს დასავლეთ/შუა ნაწილსა და საჰელში მცხოვრები მომთაბარე ხალხია. ისინი ბერბერულ ენა ტუარეგზე (ტამარშექზე) საუბრობენ და კონსონანტური დამწერლობა (რომელიც მხოლოდ თანხმოვნებს გადმოსცემს) აქვთ. ტუარეგები არაბებმა ისლამზე მოაქციეს. მათი დიდი ნაწილი სუნიტი მუსლიმია, თუმცა ძველი წეს-ჩვეულებების ნაწილს ინარჩუნებენ. ტუარეგები გამორჩეული არიან ჩაცმულობით. ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები ატარებენ თავსაბურავებს, რომელიც მთელ სახეს (თვალების გარდა) უფარავთ. ტუარეგებში სოციალური სტატუსი დედის ხაზით განისაზღვრება.

ტუარეგები შუა საუკუნეებში საჰარის გასწვრივ მდებარე საქარავნო გზებს აკონტროლებდნენ. მე-11 საუკუნეში მდინარე ნიგერთან მათ დააარსეს ქალაქი ტიმბუქტუ, რომელიც რეგიონულ სავაჭრო ცენტრად იქცა. 1960-იან წლებში, როდესაც აფრიკას დეკოლონიზაციის ტალღამ გადაუარა, ტუარეგები 5 სხვადასხვა სახელმწიფოში (მალი, ალჟირი, ლიბია, ნიგერი, ბურკინა-ფასო) გაიფანტნენ. მათ მომთაბარე ცხოვრების წესს ხელს უშლის გვალვები, რაც შიმშილს იწვევს. 1980-იანი წლების მალის და ნიგერის მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი ტუარეგების მხრიდან ავტონომიის მოთხოვნის გააქტიურების მიზეზი გახდა.

 

კომენტარები