დღეს, 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის პარტიის, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს, დამფუძნებელი ყრილობა შედგა. მას დაახლოებით 1100 დელეგატი დაესწრო. პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს. ის ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. ყრილობაზე განმარტეს, რომ მისი თავმჯდომარეობა დროებითია. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები შევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ უფლებებს მიანიჭებს, თავმჯდომარე ის გახდება.
ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დამტკიცდა. მისი წევრები არიან: ყოფილი სახალხო დამცველი და ქართული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სოზარ სუბარი, მწერალი გურამ ოდიშარია, ქართული ოცნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, მათემატიკოსი ივანე კიღურაძე, ქურთთა უფლებების დაცვის ფონდის წარმომადგენელი თამაზ ავდალიანი, მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გელა ხვედელიძე, ქალთა პარტიის ლიდერი გუგული მაღრაძე, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი ეკონომისტი ნოდარ ხადური.




