თბილისი

იმართება რაულ ვალენბერგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, ცნობილი შვედი გმირის რაულ ვალენბერგის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ.

პრესკონფერენციას მასპინძლობდა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოსა და სომხეთში ოსა პუსარდი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერგი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო.

რაულ ვალენბერგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალ, 18 აპრილს 10:00 სათზე, ევროპის სახლში დაიწყება ფოტოგამოფენით „რაულ ვალენბერგი - ადამიანი რომელმაც შეცვალა სამყარო“, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფოტომასალა, რომელიც რაულ ვალენბერგის მოღვაწეობას ასახავს და ის 22 აპრილამდე გაგრძელდება.

16:00 საათზე გაიმართება სემინარი, რაულ ვალენბერგის მოღვაწეობისა და ჰოლოკოსტის შესახებ.

სემინარს დაესწრებიან ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები, ასევე საქართველოს სხვადასხვა არქივებისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები. სემინარს გახსნის 9 წუთიანი დოკუმენტური ფილმი რაულ ვალენბერგის შესახებ.

 18:00 საათზე, გაიმართება სანთლების დანთების ცერემონია, რაულ ვალენბერგისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პატივის მისაგებად. ხოლო 19:00 საათზე, მოეწყობა შვედური მხატვრული ფილმის ჩვენება „საღამო მშვიდობისა მისტერ ვალენბერგ“, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.

19 აპრილს, 13:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მზიურის პარკში, თბილისის მერი გიგი უგულავა, შვედეთის, უნგრეთისა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საგანგებოდ ამ დღისათვის ჩამოტანილ ზეთისხილის ხეებს დარგავე

შვედი დიპლომატი და ბიზნესმენი ვალენბერგი ბუდაპეშტში შვედეთის დიპლომატიური მისიის მეორე მდივნად 1944 წლის ივნისში დაინიშნა. მისი უმთავრესი საქმიანობა ებრაელების გადასარჩენი ოპერაციის მეთაურობა იყო. დამცავი შვედური პასპორტების გაცემითა და სპეციალური შენობების, „შვედური სახლების“ დაქირავებით, რომელთაც ებრაელები უნდა შეეფარებინა, მან ათასობით უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინა.

1945 წლის იანვარში ვალენბერგი საბჭოთა სამხედროებმა დააკავეს. მისი ბედი დღემდე ბურუსითაა მოცული.

მთელს მსოფლიოში ვალენბერგისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტი, ძეგლი და მემორიალი არსებობს. მისი ხსოვნა უკვდავქმნილია წიგნებში, მუსიკალურ ნაწარმოებებსა თუ ფილმებში; მის სახელს ატარებს შენობები, მოედნები, ქუჩები, სკოლები თუ სხვა დაწესებულებები.

 2012 წელს ვალენბერგის დაბადებიდან 100 წელიწადი სრულდება.

 

კომენტარები