ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილს არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცემა

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მაინც შეძლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამის საშუალებას იძლევა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს. ინიციატივა გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რაც საქართველოში დაბადებულ პიროვნებას, რომელიც ქვეყანაში ბოლო ათი წლის მანძილზე ცხოვრობს და ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.

ამ საკითხს აქამდე ინიცირებულ კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად განიხილავენ – სადეპუტატო ასაკი ოცდახუთიდან ოცდაერთ წლამდე დაიწევს. ინიციატივების განხილვა მაისამდე გაგრძელდება.

როგორც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე აღნიშნავს ტაბულასთან საუბარში, ცვლილება საჭიროა იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესში მოქალაქეობის საკითხზე არ კონცენტრირდნენ და მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა არ დარჩეს. ასევე იმისთვისაც, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას საფუძველი გამოეცალოს – „განსაკუთრებით იმ მაღალი რისკების ფონზე, რომლებიც შემოდგომისთვის რუსეთის მხრიდან აშკარად გამოვლენილ სიმპტომებს უკავშირდება”. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ გზით უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემო შეიქმნება. თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ ცვლილება შეეხოს აშშ-ის მოქალაქეებსაც, თუ ისინი ინიციატივით განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებით, მის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს და პოლიტიკურ წიაღსვლებს ბოლო მოეღება. ისინი აცხადებენ, რომ მოქალაქეობის საკითხი სამართლებრივია, მათი პრიორიტეტი კი ისაა, რომ საარჩევნო გარემო იყოს გახსნილი და კონკურენტული. სწორედ ამიტომაა მისაღები თარგამაძის ინიციატივა. თავის მხრივ, ივანიშვილმა თარგამაძეს ხელისუფლების ადვოკატი და დანამატი უწოდა.

თარგამაძე ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც 4 აპრილს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დასკვნა გამოსცა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს – საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ორი პროცედურა არსებობს. ერთია ნატურალიზაცია, რომელიც ეხება იმათ, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქე არ არის. მეორე პროცედურა კი ორმაგი მოქალაქეობა გახლავთ. ივანიშვილმა პირველი გზა აირჩია და შესაბამისი განაცხადი წლის დასაწყისში წარადგინა, თუმცა ის კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ გზით მოქალაქეობა არავის მიუღია.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის მოთხოვნა შეუძლია მას, ვინც კანონით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. თუმცა, მიენიჭება თუ არა

ის მსურველს, ამის გადაწყვეტა სახელმწიფოს დისკრეციული უფლებაა. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს. ივანიშვილი მისთვის თხოვნით მიმართვას არ აპირებს, ამავდროულად კი ამბობს, რომ 21 აპრილს პარტიას დააარსებს, როგორც საქართველოს მოქალაქე, კოალიცია ქართული ოცნება კი ბლოკად ჩამოყალიბდება და დაერქმევა: ივანიშვილი – ქართული ოცნება.

მოგვიანებით ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა: „პირობა არ დაირღვევა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 21 აპრილს დააფუძნებს პარტიას და დააფუძნებს, როგორც საქართველოს მოქალაქე. ამაში იგულისხმება ის, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პასპორტის ქონა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მოქალაქე. ქაღალდზე შეიძლება ამას მარტო პრეზიდენტი წყვეტს, მაგრამ ვფიქრობთ, საქართველოს პასპორტი და მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა უკვე მიანიჭა”.

 

კომენტარები