ფეხბურთი

ალესანდრო დელ პიეროს 700

იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა ტურინის იუვენტუსმა ბოლო ტურში რომის ლაციოს შინ 2:1 სძლია. გამარჯვების გოლი ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა, რომელმაც გუშინ იუვენტუსის შემადგენლობაში საიუბილეო, მე-700 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა!
700 მატჩი - ეს ვეტერანი თავდამსხმელის ახალი მიღწევაა. ის უამრავი საკლუბო რეკორდის მფლობელია: ყველაზე მეტი თამაში - 700; ყველაზე მეტი გოლი - 289; ყველაზე მეტი მატჩი ევროთასებზე - 115; ყველაზე მეტი ბურთი ევროთასებზე - 53...

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, რომელმაც სკუადრა აძურას მაისურით 91 მატჩში 27 გოლი შეაგდო, იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მაისური 1993 წელს მოირგო და მას შემდეგ გუნდის ერთგულია - იუვენტუსთან ერთად 15 ტიტული მოიგო: ხუთჯერ გახდა სერია ა-ს ჩემპიონი, ოთხჯერ აღმართა იტალიის სუპერთასი, თითოჯერ კი ქვეყნის თასი, სერია ბ, ჩემპიონთა ლიგა, ინტერტოტოს, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები მოიგო.

2007 წელს დელ პიერო სერია ბ-ს (20 გოლი), 2008 წელს კი სერია ა-ს ბომბარდირი გახდა - 21 გოლი. ამას გარდა, 1997-98 წლების სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში, 1998 და 2008 წლებში კი იტალიის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

დელ პიეროს კონტრაქტი ამ სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ 37 წლის მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

კომენტარები