რუსული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ნიკა“ ქართულ ფილმს ერგო ნომინაციაში „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და ბალტიისპირეთის საუკეთესო ფილმი.“ ლაპარაკია რეჟისორ ნანა ჯანელიძის სურათზე „ნეტავ იქ თეატრი არის?’ კახი კავსაძის მონაწილეობით.
კინოაკადემია „ნიკა“ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ჩამოყალიბდა. ქართულ ფილმებს შორის ჯილდო“ნიკა“ პირველად თენგიზ აბულაძის „მონანიებამ“ მიიღო. ნანა ჯანელიძის ფილმამდე კი ბოლოს, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე რუსეთის კინოაკადემიის ჯილდო წილად ხვდა ალეკო ცაბაძის ფილმს „რუსული სამკითხედი“ - 2007 წელს.
ამჯერად, ნომინაციაზე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და ბალტიის საუკეთესო ფილმი“ ასევე წარდგენილი იყო ფილმები: აზერბაიჯანიდან, ტაჯიკეთიდან, ესტონეთიდან, უზბეკეთიდან.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე საბოლოო უარი საქართველომ 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ თქვა.




