თბილისი

23 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ, ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა აქცია 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გასახსენებლად. ტრაგედიის ადგილზე სხვა და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. „ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა“ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი დროშების დაშვებით მიაგეს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კი ცაში „ცეცხლოვანი ფარნების“ აშვებით.

პარლამენტის წინ მისულები იყვნენ 89 წლის აპრილის საპროტესტო აქციების უშუალო მონაწილეებიც, მათგან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნება, ვიდრე ეს დღე საზოგადოების ცნობიერებაში იარსებებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან უკვე 23 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის საბჭოთა სადამსჯელო ოპერაციით დაშლას, 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლე გოგონებიც.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორლესული ნიჩბები და დაუდგენელი მომწამვლელი გაზი გამოიყენეს. დაღუპულების და დასახიჩრებულების გარდა, იყო ასობით მოწამლული.

ტრაგედიიდან 2 წლის თავზე,  9 აპრილი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 

კომენტარები