კინო

ლოს-ანჯელესში ოქროს ჟოლოს გამარჯვებულები გამოავლინეს

ლოს-ანჯელესში გასული წლის ყველაზე ცუდი კინონამუშევრები დაასახელეს. კინოსამყაროს ყველაზე არაპრესტიჟული პრემიის, „ოქროს ჟოლოს“ რეკორდსმენი კომედია „Jack and Jill“ გახდა. დენის დუგანის ფილმმა ყველა იმ კატეგორიაში გაიმარჯვა, რომელშიც წარდგენილი იყო. სურათმა მთლიანობაში 10 „ჟოლოს“ მოპოვება შეძლო, მათ შორის ყველაზე ცუდი ფილმის, რეჟისურისა და სცენარისათვის.

კრიტიკოსებმა პრემია „არგუნეს“ აგრეთვე, „Jack and Jill“ -ში შესრულებული როლისათვის ადამ სენდლერსაც. ამერიკელმა კომიკოსმა, რომელიც ფილმში ტყუპი და-ძმის როლს ასრულებს, გაიმარჯვა როგორც ყველაზე ცუდი მსახიობი კაცის კატეგორიაში, აგრეთვე ქალებისთვის განკუთვნილ ანალოგიურ ნომინაციაშიც. ყველაზე ცუდ მეორეხარისხოვან მსახიობად ალ პაჩინო დასახელდა, რომელიც კომედიაში საკუთარ თავს ასახიერებს.

არასასურველი პრემიის მისაღებად მსახიობები, როგორც წესი, იშვიათად ცხადდებიან ხოლმე. გამონაკლისი არც „Jack and Jill“ - ის შემოქმედებითი ჯგუფი აღმოჩნდა და კალიფორნიაში გამართულმა „ოქროს ჟოლოს“ დაჯილდოების ცერემონიამ გამარჯვებულების გარეშე ჩაიარა.

კინემატოგრაფისტ ჯონ ვილსონის მიერ დაარსებული პრემიის ფარგლებში, კრიტიკოსები 1980 წლიდან ავლენენ კინოსამყაროს ყველაზე ცუდ ნამუშევრებს. „ოქროს ჟოლოს“ 32 წლიანი ისტორიის განმავლობაში არასასურველი პრემია ოსკაროსან მსახიობებსაც მიუღიათ, მათ შორის სანდრა ბულოკს და ჰოლი ბერის.

 

კომენტარები