საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში შს და იუსტიციის მინისტრების ნაცვლად მათი მოადგილეები გამოცხადდნენ

 საქართველოს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე, დეპუტატების შეკითხვებზე საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ნაცვლად, მისი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე გამოცხადდა, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ნაცვლად კი ( ის საქართველოში არ იმყოფება) მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი.

 შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოუცხადებლობა ზღულაძემ ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნით ახსნა, "პირადად გიხდით ბოდიშს შს მინისტრის სახელით. სამინისტრო არის უწყება, სადაც შეიძლება ფორსმაჟორული სიტუაციები მოხდეს. ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევა დღეს გვქონდა. წინასწარ ვერ მოვასწარით თქვენი საქმის კურსში ჩაყენება," – განაცხადა მან, თუმცა პარლამენტში შს მინისტრის გამოუცხადებლობა ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” წევრებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ჯონდი ბაღათურიამ სხომის დატოვებით გააპროტესტეს. "ჩვენ ამ შოუს, რისთვისაც ეს ეკრანი მოამზადეთ, ვტოვებთ, გიტოვებთ თქვენ ამ დარბაზს და მომავალი სამთავრობო საათისთვის, დღესვე შევიტანთ განაცხადს,"- აღნიშნა  სამთავრობო საათის დატოვების წინ დიმიტრი ლორთქიფანიძემ. შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები პარლამენტში, სამთავრობო საათზე, ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნით იყვნენ მიწვეულნი.

 რაც შეეხება პარლამენტში დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მინისტრების მოადგილეების მიერ გაკეთებულ განმარტებებს. არის თუ არა შსს პოლიტიზირებული? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ეკატერინე ზღულაძემ აღნიშნა: ” მოსახლეობის სრული უმრავლესობა, სწორედ მე მეთანხმება. სტატისტიკა ჩემს სასარგებლოდ მეტყველებს – საქართველოს მოსახლეობის 87% პოლიციას ენდობა. შესაბამისად, არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანაში რეალური იყოს პოლიციის პოლიტიზებულობის პრობლემა.” ზღულაძემ იქვე განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება აღარ იგეგმება. მისი თქმით, უშიშროების სამსახური სამინისტროს სწორედ იმიტომ შეუერთდა რომ „კაგებეს“ ტიპის რეპრესიული, ბუნდოვანი და შემაშინებელი სტრუქტურა აღარასდროს ჰქონოდა საქართველოს. ზღულაძემ ისაუბრა ხაშურის პოლიციაში მომხდარ შემთხვევაზეც ( პოლიციის შენობაში, მესამე სართულის მოაჯირიდან სოლომონ ქიმერიძის გადმოვარდნის ფაქტზე, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა) და აღნიშნა, რომ მისი უწყება მომხდარის ობიექტურად გამოძიებით არის დაინტერსებული. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პირველადი ექსპერტიზის შედეგებს ეჭქვეშ არავინ აყენებს და ”ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით”, სამინისტროს ყველა თანამშრომლი წუხილს გამოხატავს.

”გარდა იმისა, რომ ეს უმძიმესი ტრაგედია იყო ოჯახისთვის, თუ ეს ფაქტი ბუნდოვანი დარჩა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ყველა იმ რეფორმას და მიღწევას, რაც პოლიციაში გვაქვს. ამიტომ, ამ საქმის გამოსაძიებლად სამინისტრო დაინტერესებულია. მინისტრის დავალებით, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა, გაიზარდა ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა, მისი დაქვემდებარების შენობაში ნებისმიერი პირის დამატებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,” - განაცხადა ზრულაძემ. მან პოლიციელების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სხვადასხვა ტიპის გადაცდენისთვის და უკანონო ქმედებისთვის 1093 პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი დასვა.

 რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის განმარტებებს, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ”კანონით განსაზღვრულ ვადებში იქნება მიღებული და შესაბამის პირს ეცნობება”. ბურჯალიანმა დააზუსტა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მოქმედებს სამთვიანი ვადა და ამდენად ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღების ვადა არ დარღვეულა. „ბატონმა ივანიშვილმა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მოთხოვნა შემოიტანა 2012 წლის 5 იანვარს. ორგანული კანონით მოქალაქეობის საკითხზე საქმის განხილვიდან გადაწყვეტილების მიღებამდე სამთვიანი ვადა არსებობს. ეს სამთვიანი ვადა ჯერ არ ამოწურულა. ამავდროულად, მინდა დავაზუსტო, რომ ვადებს ხარვეზის გამოსწორებისთვის გათვალისწინებული დღეებიც (თუ არ ვცდები 4 დღე) შესაძლოა დაემატოს,“– განაცხადა ბურჯალიანმა.  სააგენტო ”პირველის” ცნობით, სამთავრობო საათზე ის   შეეხო სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხსაც და განაცხადა: "საქართველოს მთავრობას დაეკისრა 50 ათასი ევრო ოჯახის სასარგებლოდ იმ ხარვეზებისთვის, რასაც გამოძიებისას ჰქონდა ადგილი. გადარიცხვა სამი თვეში გახორციელდა. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს. სამოქმედო გეგმა, რომელიც მუშავდება, დაკავშირებულია მთელ რიგ საკანონმდებლო თუ სხვა სახის ღონისძიებებთან, რომელთა მიზანია მსგავსი შემთხვევების პრევენცია და შეძლებისდაგვარად ყველა იმ შედეგის აღმოფხვრა, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას მოჰყვა.” 

 

კომენტარები