Google

სემანტიკური ძიება

მარტის დასაწყისში კომპანია Google-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა. 2012 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ საძიებო ალგორითმების მთლიანად შეცვლას და სემანტიკური ძიების დანერგვას. Google-ის წარმომადგენლებს მტკიცედ სჯერათ, რომ სემანტიკური ძიების პლატფორმა გააადვილებს სასურველი ინფორმაციის მოძებნის პროცესს, დაზოგავს მომხმარებლების ძვირფას დროს და უფრო დიდ სივრცეს გააჩენს კონტექსტური რეკლამის მოსაზიდად. მათი თქმით, სამივე მხარე კმაყოფილი დარჩება: მომხმარებლებიც, კომპანიაც და რეკლამის განმთავსებელი ბიზნესიც.

სემანტიკური ძიება შედარებით ახალი ხილია და განსხვავებულ მიდგომას იყენებს. დღესდღეობით ორი ტიპის საძიებო სისტემა არსებობს: გასაღები სიტყვების მიხედვით პირდაპირი ძიება და სემანტიკური ძებნა. პირველ შემთხვევაში საძიებო სისტემა მომხმარებლის მიერ აკრეფილ საძიებო სიტყვებს ცალკეულ სიტყვებად ყოფს და შემდეგ ინდექსირებულ მონაცემთა ბაზაში ეძებს ყველა იმ ვებგვერდს, სადაც ორივე სიტყვა ფიგურირებს. სემანტიკური ძიება კი ჯერ ცდილობს კონტექსტის გარკვევას, შემდეგ საძიებო სიტყვებს შორის შესაძლო კავშირის დადგენას და ბოლოს ცდილობს გააანალიზოს, თუ კონკრეტულად რისი მოძებნა სურს მომხმარებელს.

მარტივი მაგალითი განვიხილოთ: ვთქვათ, გვაინტერესებს თუ რომელ წელს შედგა იალტის კონფერენცია. პირდაპირი ძიება ყველა იმ ვებგვერდის ბმულს დაგვიბეჭდავს ეკრანზე, სადაც მოცემულია სიტყვები „იალტა”, „კონფერენცია”, ან ორივე ერთად. სემანტიკურ პლატფორმას კი შეუძლია პირდაპირ კონკრეტული თარიღის: 1945 წლის 4-11 თებერვლის დაბეჭდვა, ისე, რომ არცერთი რომელიმე სხვა ბმულის გახსნა საჭირო არ იქნება. უფრო მეტიც – თუ თქვენ გაინტერესებთ რომელი უფრო ადრე მოხდა, იალტის კონფერენცია თუ კურსკის ბრძოლა, ამის შესახებ პირდაპირი ძიება ვერაფერს გეტყვით. სემანტიკური ძიების შედეგი კონკრეტული პასუხი იქნება: „კურსკის ბრძოლა”.

Google-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სემანტიკური ძიება მომხმარებელთა საძიებო ფრაზების დაახლოებით 20%-ს პირდაპირი გზით დააკმაყოფილებს. არ იქნება საჭირო სხვა ბმულებზე გადასვლა და არსებული ტექსტის სქროლვა იმის იმედით, რომ იქ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას მივაგნებთ. ეს 20% ყველა იმ შემთხვევას ეხება, როდესაც კონკრეტული თარიღი, ადგილი, ან რაიმე კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს სწორად დასმულ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ გვსურს გავიგოთ, ვინ იყო პერსივალ ლოუელი, ამ შემთხვევაში Google-ი პირდაპირ ძიებას გამოიყენებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გვაინტერესებს რამდენი სტუდენტი ცხოვრობს ამჟამად საფრანგეთში, ან რამდენი ოსკარი მიიღო კეტრინ ჰეპბერნმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის კარიერის მანძილზე, სემანტიკური ძიება კონკრეტულ პასუხს დაბეჭდავს საძიებო სიტყვების ქვეშ.

დღესდღეობით ინტერნეტში დაახლოებით ათამდე დიდი სემანტიკური ძიების საიტი არსებობს, რომელთა შორისაც ყველაზე გამორჩეულია WolframAlpha. ეს უკანასკნელი ბრიტანელი მათემატიკოსის, სტივენ ვოლფრამის, შვილობილი პროექტია, რომელიც კომპანია Apple-მა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტ SIRI-ში გამოიყენა. WolframAlpha ძირითადად რიცხვით გამოთვლებზე, მათემატიკურ ფორმულებზე და სტატისტიკურ ანალიზზეა კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგად შეკითხვებზე პასუხის გაცემასაც ცდილობს, ეს პასუხები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. Google-ის განცხადებით კი, ისინი ძირითადად ზოგად შეკითხვებზე გააკეთებენ აქცენტს, რასაც უკვე არსებული დიდი მონაცემთა ბაზა გაუმაგრებს ზურგს.

Google-ი გვპირდება, რომ სემანტიკური ძიება მთლიანად შეცვლის დამოკიდებულებას ინტერნეტის მიმართ. ჩვენ კი მოთმინებით უნდა აღვივსოთ და დაველოდოთ, თუ როგორ მოძებნის სწორ პასუხებს ჩვენს შეკითხვებზე Google-ის სემანტიკური ძიება.

 

კომენტარები