ივანიშვილი პოლიტიკაში

დუმბაძე: აზიზეის მეჩეთის საკითხში ჩემი და ივანიშვილის პოზიციები ერთნაირია

სააგენტო news.ge-ს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მურმან დუმბაძეს 31 მარტს, ბათუმში, აზიზეის მეჩეთის მშენებლობის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა დაავალა. მურმან დუმბაძე ამჯერად წარმოდგენს ორგანიზაციას ”ემსახურე საქართველო”, ის ერთი წლის წინ ”რესპუბლიკური პარტიის” რიგებიდან გარიცხეს პარტიის წესდებასთან შეუსაბამო საქციელის გამო.

საქმე იმაში იყო, პარტიას დაუშვებლად მიაჩნდა მის წარმომადგენელს მონაწილეობა მიეღო საპროტესტო აქციის ორგანიზებაში - აზიზეის მეჩეთის შესაძლო მშენებლობის წინააღმდეგ, რასაც ითვალისწინებდა და ითვალისწინებს თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებები, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ქართული არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის სანაცვლოდ. მაშინ, დუმბაძემ პარტიული ლიდერების გაფრთხილება არ მიიღო. ახლახან კი პარტნიორი პარტიის რიგებიდან გარიცხულ დუმბაძეს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა და ბათუმში ”ქართული ოცნების” სტრუქტურის ჩამოყალიბება დაავალა. ” ჩვენ ყველანაირად გამოვიყენებთ მის გამოცდილებას, სახელს, კონტაქტებს და ადგილს, რომელიც აჭარის საზოგადოებაში უკავია.”- აღნიშნა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

News. ge-ს მოჰყავს მურმან დუმბაძის კომენტარი: „მე პოლიტიკური ორგანიზაცია დამატოვებინეს იმის გამო, რომ როცა საქმე მიდგა სახელმწიფო ინტერესზე მივიღე გადაწყვეტილება პარტიის წესდების საწინააღმდეგოდ. იმ საკითხში, რის გამოც მე პარტიიდან გამრიცხეს, ბიძინა ივანიშვილი ჩემთან აბსოლუტურ სინქრონშია. უფრო მეტსაც გეტყვით - 31 მარტს ბათუმში ტარდება აქცია აზიზეის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მე უნდა მივიდე აქციაზე და სიტყვით გამოვიდე.“

 

 

კომენტარები