მოლდოვა

მერვე მცდელობის შემდეგ მოლდოვამ პრეზიდენტი აირჩია

მოლდოვის პარლამენტმა, 62 ხმით, პრეზიდენტი აირჩია, რითაც 900-დღიანი პოლიტიკური ვაკუუმის შევსება მოხერხდა. ქვეყანას პროევროპული მმართველი, კოალიცია „ევროპული ინტეგრაციის ალიანსის” (AEI) მიერ მხარდაჭერილი, უპარტიო კანდიდატი, მოსამართლე ნიკოლაე ტიმოფტი ჩაუდგება სათავეში. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა კენჭისყრის შედეგები. ამგვარი მიღწევის მიუხედავად, გაჩნდა შიში ალიანსში განხეთქილების შესაძლებლობის შესახებ.

პრეზიდენტის არჩევით, მმართველ ძალას რეფორმებისა და ცვლილებების გასატარებლად, ხელფეხი გაეხსნა. მსოფლიო კრიზისის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა მრავალი გამოწვევის წინაშეა. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ალიანსი დასავლეთთან თანამშრომლობით დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვას გეგმავს. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან. ტიმოფტის არჩევას ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, მარტინ შულცი და ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა უფროსი, ქეთრინ ეშტონი უკვე დადებითად შეხვდნენ. მხარეებს შორის თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებაა მოსალოდნელი. ამისთვის კი, მმართველ ძალას რამდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწევს. მართლაც, არჩევნების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მეტი ადგილების მოთხოვნით გამოვიდა ალიანსში შემავალი ლიბერალური პარტიის ლიდერი. ექსპერტების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, კოალიციის შიგნით გამწვავდება ძალაუფლების გადანაწილებისთვის კონკურენცია. მათი მეორე ნაწილი კი ამგვარ პროგნოზებს გადაჭარბებულად მიიჩნევს და ამას მხოლოდ სხვადასხვა ძალებს შორის ჩვეულებრივი მოლაპარაკებების ნაწილად განიხილავს.

ტიმოფტი ალიანსის მხრიდან კომპრომისულ კანდიდატურას წარმოადგენდა, რადგან წლების მანძილზე კომუნისტები აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრებს ბლოკავდნენ. ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე, პირველ პირს მოსახლეობის ნაცვლად პარლამენტი ირჩევს. თანაც, 101-ადგილიან ასამბლეაში ამისთვის 61 პარლამენტარის მხარდაჭერაა საჭირო. მმართველი კოალიცია დღეს საკანონმდებლო ორგანოში 58 მანდატს ფლობს. იგი ბიზნესსა და რეფორმებზე ორიენტირებული სამი პარტიისგანაა – ლიბერალ-დემოკრატიული, დემოკრატიული და ლიბერალური – დაკომპლექტებული. თავის დროზე, 2010 წელს მათ კოალიციის ჩამოყალიბებისას უმთავრესი პოსტები შემდეგნაირად გაინაწილეს: პირველი მათგანის წევრს, ვლად ფილატს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერგო, ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა, მიხაი გუმპუმ, პარლამენტის სპიკერის პოსტი მიიღო. დემოკრატიული პარტიის წევრი, მარიან ლუპუ, კი კოალიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ყოფილიყო.

კომუნისტური პარტია პარლამენტში 40 მანდატით არის წარმოდგენილი. აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია თავს საბჭოთა მოლდოვის კომუნისტური პარტიის მემკვიდრედ აცხადებს. 2004 წელს მოდერნიზების მცდელობის შემდეგ პარტიამ სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა აირჩია. თუმცა, მისი პრორუსული და ცვლილებებისადმი კონსერვატიული რიტორიკა უცვლელი რჩება. კომუნისტები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ, პარლამენტის დაშლას და მის ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. სწორედ მათი წინააღმდეგობის გამო, 2009 წლიდან პრეზიდენტის არჩევის შვიდი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მათთვის მიუღებელი იყო ლუპუს კანდიდატურა. ალიანსი, პოლიტიკური ჩიხის განსამუხტად, კომპრომისზე წავიდა და უპარტიო ტიმოფტიზე გააკეთა არჩევანი. ამ ნაბიჯს მიესალმნენ კომუნისტებისგან გამოყოფილი სოციალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში 3 ადგილით შემოიფარგლებიან. ტიმოფტის არჩევა მას შემდეგ მოხერხდა, რაც სამმა სოციალისტმა და ერთმა დამოუკიდებელმა პარლამენტარმა მის სასარგებლოდ მისცეს ხმა. კომუნისტებისგან განსხვავებით, მათთვის უპარტიო კანდიდატურა მისაღები აღმოჩნდა. თანაც, ალიანსისგან გარანტიები მიიღეს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას მთავრობა მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. მათი ლიდერის მტკიცებით, მოსახლეობა დაიღალა გაურკვევლობით და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, პრეზიდენტის არჩევა ამჯობინეს. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ვერარჩევის შემთხვევაში ახალი საპარლამენტო კენჭისყრა ინიშნება. ამის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სამი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ბევრმა მოლდოვაში ამგვარად განვითარებული მოვლენები დემოკრატიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად ფასდება. ოპოზიციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხერხდა. არჩეული ლიდერი შედარებით კონსენსუსურ ვარიანტს წარმოადგენს. ამგვარი გარემოებები ბევრს აფიქრებინებს, რომ ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია შესაძლოა დაჩქარდეს. თუმცა, დაგეგმილი რეფორმების ბოლომდე მიყვანაა აუცილებელი.

კომენტარები