განათლება

ფასადური ავტონომია

სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული სტატუსი შეიცვალა

მთავრობის დადგენილებით, მარტიდან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის ცვლილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გავრცელდა ხმები, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება იგეგმება. სამხატვრო აკადემიაში რექტორის ახლადჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასაც პროტესტი მოჰყვა. ტაბულასთან საუბარში, საქართველოს კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, გამორიცხავს სახელოვნებო უნივერსიტეტების მექანიკურ გაერთიანებას ან შენობების გაყიდვას. ამასთან, ამბობს, რომ ხსენებული არჩევნები პროცედურების დარღვევით ჩატარდა. მისივე თქმით, 2012 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში რეფორმის განხორციელებაა და სტატუსის შეცვლაც რეფორმის ფარგლებში მოხდა. ამან სასწავლებლების ფუნქციონირება უფრო მოქნილი უნდა გახადოს და აქამდე არსებული სისტემა შეცვალოს.

სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის სტატუსის შეცვლის პირობა, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ 2004 წელს მიღებულ კანონში იდო, 2007-2008 წლებისთვის უნდა განხორციელებულიყო. თუმცა 2012 წლამდე ვერ მოხერხდა. სტატუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეეცვალა.

აღნიშნული ცვლილების ოფიციალური მიზანი უნივერსიტეტებისათვის სახელმწიფოსგან მეტი დამოუკიდებლობის მიცემაა. ერთი შეხედვით, ააიპ-ის სტატუსი მართლაც არის უმაღლესი განათლების დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. კერძოდ, როდესაც სახელმწიფოს შესყიდვა ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვას ეხება. მაგალითად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით უმაღლეს სასწავლებლებს წიგნების შესყიდვისთვის ტენდერის ჩატარება უწევდათ. ეს გარკვეულ დროსა და სხვადასხვა პროცედურას მოითხოვდა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი კი უმაღლეს სასწავლებლებს ამ პროცედურებისაგან თავის არიდების საშუალებას აძლევს და დროსაც უზოგავს. მათ შეუძლიათ წიგნი ნებისმიერი მიმწოდებლისგან შეიძინონ.

გარდა ამისა, ახალი სტატუსით უნივერსიტეტებს განვითარების ფონდის დაფუძნებაც შეუძლიათ. კანონმდებლობა უნივერსიტეტს ეკონომიკური საქმიანობის უფლებასაც აძლევს. უნივერსიტეტებს შეეძლებათ სხვადასხვა სერვისი გაყიდონ. მაგალითად, მოკლევადიანი კურსები, ოღონდ მოგების წილი უნივერსიტეტსვე უნდა მოხმარდეს. ტაბულასთან საუბარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი ამბობს, რომ ახალ სტატუსთან ერთად უნივერსიტეტი უფრო ავტონომიური ხდება. აქამდე ნებისმიერი საკითხი, რომელიც ქონებასა და ფინანსებს ეხებოდა, უნივერსიტეტს ორ სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა. ეს, ბუნებრივია, მეტ დროს მოითხოვდა. მისივე თქმით, „ის შენობები და ტერიტორიები, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და უნივერსიტეტისთვის ჰქონდა გადმოცემული მართვაში, უნივერსიტეტის საკუთრება გახდება”. გარდა ამისა, შეიცვალა უნივერსიტეტების წესდება და მართვის პრინციპები – ყველა უნივერსიტეტი თავად წყვეტს, როგორი უნდა იყოს მისი სტრუქტურა, როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს საბჭო და ჩატარდეს არჩევნები.

ამ უნივერსიტეტების მსგავსად, სტატუსის შეცვლასთან ერთად, სახელოვნებო უნივერსიტეტებზე სხვა ცვლილებებიც გავრცელდება. საკითხი, რომელიც უნივერსიტეტების ავტონომიას ეჭვქვეშ აყენებს, სასწავლებელზე რეგენტთა საბჭოს მეთვალყურეობის დაწესებაა.

რეგენტთა საბჭო 2011 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. საბჭოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე თავმჯდომარეობს. მის შემადგენლობაში შედიან: ნოდარ სურგულაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საბჭოს მდივანი); გიორგი ჩახნაშვილი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე); ვახტანგ ლეჟავა (საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი); დიმიტრი ძაგნიძე (საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე); პაპუნა პეტრიაშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე); დავით გიორგაძე (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე).

მთავრობის მიერ შექმნილი რეგენტთა საბჭო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საფინანსო და ქონებრივ ურთიერთობებს კოორდინაციას გაუწევს. ის ამტკიცებს ბიუჯეტს. უნივერსიტეტის საკუთრებაში საბჭოსთან თანხმდება არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებაც. გარდა ამისა, კოლეგიალური საბჭო რეგენტთა საბჭოს თანხმობით ნიშნავს სასწავლებლის განვითარების ფონდის დირექტორს, რომელიც ფინანსური და ადმინისტრაციული ოპერაციების ჩატარებაზე აგებს პასუხს. ის რეგენტთა საბჭოს წინაშეც პასუხისმგებელია.

საბჭოსთან თანხმობით ინიშნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, დადოს ფინანსური და ეკონომიკური შეთანხმებები, ასევე იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელი რეგენტთა საბჭოსთანაა ანგარიშვალდებული და მისი თანხმობით მოქმედებს.

ახალი სტატუსით უნივერსიტეტები ერთხელ დამტკიცებულ ბიუჯეტში სურვილისამებრ გაანაწილებენ 15%-მდე თანხას. მსხვილი ოპერაციების შემთხვევაში კი საბჭოს თანხმობაა საჭირო. ამ გზით, რეგენტთა საბჭოს საშუალება ეძლევა, აკონტროლოს უნივერსიტეტების მთლიანი ბიუჯეტი, მაშინ როცა მასში სახელმწიფო ფულის ოდენობა, როგორც წესი, 20-30%-ს არ აღემატება.

საბოლოო ჯამში, რეგენტთა საბჭოს მეშვეობით, სახელმწიფო კვლავ იტოვებს კონტროლის ბერკეტს უნივერსიტეტებზე. სტატუსის ცვლილების მიუხედავად, განათლების ცენტრალიზებულ მართვას განაგრძობს. საბჭოს უფლება-მოვალეობათა ნუსხის სიმრავლის მიუხედავად, კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება სახელოვნებო სასწავლებლებს დამოუკიდებლად განვითარებაში დაეხმარება. აქამდე ისინი უშუალოდ იყვნენ სამინისტროსთან მიბმული: „თითქმის ყველა საკითხს ჩვენ გვითანხმებდნენ”. მისივე თქმით, რეორგანიზაციის პერიოდში, ყველა ამ სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნოშრევან ჩხეიძე დაინიშნა, სახელმწიფო კონსერვატორიაში – რეზო კიკნაძე, სამხატვრო აკადემიაში კი – ირინე პოპიაშვილი.

კომენტარები