ფესტივალი

24-საათიანი ფესტივალი, როგორც კულტურული ლიდერის შანსი

"24-საათიან ფესტივალში" მონაწილეობისთვის შედგენილი აპლიკაციების შევსების ვადა 12 მარტს ამოიწურება. საუკეთესოებს ჟიური, რომლის წევრთა ვინაობა უცნობია, 15 მარტს რუსთაველის თეატრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/RustaveliTheatre „დაასახელებს“. მათ შორის იქნება 6 დრამატურგი და 6 რეჟისორი, რომელთაც სამუშაოდ, კერძოდ: ახალი პიესების დასაწერად და მათ დასადგმელად, სულ 24 საათი მიეცემათ. მარათონის დაძლევაში მონაწილეებს დრამატურგ ლაშა ბუღაძისა და რეჟისორ გოგა თავაძის კონსულტაციები დაეხმარებათ.

„24-საათიანი ფესტივალი“, რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება, 25 და 26 მარტს ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელდება. ტრადიციისამებრ, პროექტის ორგანიზების ინიციატორია რუსთაველის თეატრი, ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულის ნინო მაღლაკელიძე-შიიტსი, რომელმაც სპექტაკლი „ეიფორია“, როგორც პროდიუსერმა და სცენოგრაფმა, რეჟისორ კოლინ ჰოვდესთან ერთად, ჯერ ამერიკაში, ვაშინგტონის „შექსპირის თეატრში“ განახორციელა, მოგვიანებით კი, რუსთაველის თეატრის სარეპეტიცო დარბაზში. ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელიც ამერიკული დრამატურგიის ქართულად თარგმნასა და გამოცემას ისახავს მიზნად. მისი ინიციატივები ამერიკული კულტურის საქართველოში გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად .

-რითი განსხვავედება წლევანდელი ფესტივალი შარშანდელისგან?

ნინო მაღლაკელიძე: - 2011 წელი ახალი ფესტივალის ორგანიზების პირველი მცდელობა იყო და პროექტი ექსტრემალურ პირობებში მომზადდა. მისი ორგანიზების ტრადიციად ჩამოყალიბება ფესტივალისადმი ინტერესმა განაპირობა. წლევანდელი ინიციატივა, ვფიქრობ, უფრო დახვეწილი და რაც მთავარია, შედეგიანი იქნება ჯგუფისთვის, რომელიც მასში მიიღებს მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვაკეთებდით, შარშანდელი ფესტივალი ძალიან ცოცხალი გამოვიდა. მისი ხელახლა ორგანიზების ინიციატივაზე უარი რუსთაველის თეატრს არც ამჯერად უთქვამს. პირიქით, თეატრის ხელმძღვანელობა შეთავაზებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. შარშან თუ მონაწილეებს შორის გენდერული ბალანსი დარღვეული იყო და მამაკაცები ჭარბობდნენ, ვიმედოვნებთ, წლევანდელ ფესტივალში ქალებიც აქტიურად ჩაერთვებიან და იქნებ, წელიწადში ორჯერაც კი ჩავატაროთ, რამდენადაც მსგავსი ფესტივალის ორგანიზება დიდ სახსრებთან არ არის დაკავშირებული. მცირე ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ დაფინასებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, ამისთვის მზად ვარ!

-გამოიკვეთა თუ არა პრობლემები, რომლებსაც წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში გაითვალისწინებთ?

-მსახიობებს ჰქონდათ ტექსტის დამახსოვრების, ხოლო დრამატურგებს - სცენაზე გადატანისას, ტექსტის დამახინჯების პრობლემა, რაც ვიმედოვნებთ, წელს ნაკლებად განმეორდება და ავტორებისთვის ისეთი მტივნეული აღარ იქნება. შარშანდელი ფესტივალიდან გავიხსენებ ფაქტს, როდესაც რამდენიმე მსახიობი როლის გარეშე დაგვრჩა და ასეთი შემთხვევა რომ აღარ განმეორდეს, ფესტივალის წესები შევცვალეთ: ორგანოზატორთა გადაწყვეტილებით, დრამატურგები ფესტივალში მონაწილოების მსურველი მსახიობებიდან შეარჩევენ მათ, ვისთვისაც პიესებს დაწერენ. აღარც მსახიობი დარჩება როლის გარეშე და რეჟისორსაც თავიდანვე ეცოდინება, თუ ვისთან მოუწევს მუშაობა.

-საფესტივალო თემა დრამატურგებისთვის კვლავ თავისუფალი იქნება?

- წელს დრამატურგებს უკვე კონკრეტულ თემას შევთავაზებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მონაწილეებს კონსულტაციებს გაუწევენ გოგა თავაძე და ლაშა ბუღაძე, რომელიც, მაგალითად, ამერიკულ დრამატურგიაზე ჩაატარებს ლექციას.

-როგორ შეარჩევთ მონაწილეებს?

- აპლიკაციების მიხედვით, სადაც როგორც რეჟისორებს და დრამატურგებს სერიოზული ამოცანის დაძლევა მოუწევთ. მაგალითად, რეჟისორების შემთხვევაში, კონკურსანტმა აპლიკაციის შევსებისას უნდა წარმოგვიდგინოს უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ პირველი მოქმედების პირველი სურათის ექსპლიკაცია, რაც, დამეთანხმებით, იოლი დავალება არ არის, ხოლოდ დრამატურგებმა მათი გამოუქვეყნებელი პიესის ან მოთხრობის ერთი სცენა უნდა გამოგვიგზავნონ.

-რა არის ფესტივალის ორგანიზების იდეა?

- „24-საათიანი ფესტივალი“, ვფიქრობ, ძალიან სოციალური ფესტივალია. ორგანოზატორები მიზნად ვისახავთ ახალგაზრდა, თავისუფლად მოაზროვნე ხელოვანთა აღმოჩენაზე, განათლებაზე, ტრენინგსა და წახალისებაზე. ჩვენ სულაც არ ველოდებით მაღალი ხარისხის დადგმას ან პიესას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წარმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებიც მზად არის გამოვიდნენ არსებული ჩარჩოებიდან და რაღაც ახალის შექმნა სცადონ, ახლებურად აითვისონ სივრცე, რომელსაც ვთავაზობთ და შემოგვთავაზონ ის, რაც აწუხებთ, აღელვებთ, აფიქრებთ... ჩვენი ფესტივალი ერთგვარი თეატრალური მარათონია და მოცემულ პირობებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია „კულტურული ლიდერის“ ჩამოყალიბება და აქტივობა, ჩართულობა, ადაპტაცია, სოციალური კავშირი და ა.შ. მიმაჩნია, ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ 26 მარტს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში ვისხდეთ და ველოდოთ, თუ რას შემოგვთავაზებენ მონაწილეები. რა გამოვა, რას და როგორ დაწერენ, როგორ გადაიტანენ სცენაზე, როგორ განასახიერებენ, ისევ და ისევ გარკვეულ ჩარჩოებში ჩაჯდებიან, თუ რაიმე განსხვავებულს შემოგვთავაზებენ, ამას წლევანდელი ფესტივალის საბოლოო შედეგი გვიჩვენებს. რაც შეეხება ფესტივალს, ის მანამდე გაგრძელდება, სანამ მისდამი ინტერესი იარსებებს.

 

კომენტარები