კინო

ვეს ანდერსონის Moonrise Kingdom კანის ფესტივალს გახსნის

ჰოლივუდის ვარსკვლავების, ბრიუს უილისისა და ედვარდ ნორტონის ბოლო ნამუშევარი „Moonrise Kingdom“ კანის 65-ე  კინოფესტივალს გახსნის.

ფილმის მოქმედება 1960-იან წლებში ვითარდება. სურათი მოგვითხრობს ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის ისტორიას, რომლებიც სახლიდან თავგადასავლების საძიებლად გარბიან.

ფილმის რეჟისორი და თანასცენარისტი ვეს ანდერსონია. რეჟისორმა სცენარი რომან კოპოლასთან, ფრენსის ფორდ კოპოლას შვილთან ერთად შექმნა. სურათში აგრეთვე, მონაწილეობენ ტილდა სუინტონი და ბილ მიურეი.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, „Moonrise Kingdom“ სხვადასხვა თაობების შესახებ საინტერესო და ამაღელვებელ ისტორიას შესთავაზებს მაყურებელს. მათი თქმით,  ვეს ანდერსონი ამერიკული კინოს ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რეჟისორის ნამუშევრების მთავარი თემა - თავისუფლებისადმი სწრაფვა,  „Moonrise Kingdom“ - შიც იჩენს თავს.

კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს იტალიელი რეჟისორი და მსახიობი ნანი მორეტი უხელმძღვანელებს. ფესტივალი 16 მაისს დაიწყება და 11 დღე გასტანს.

კომენტარები