საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან ქართული პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას, რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით რუსეთმა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), როგორც ამას აკეთებს საქართველო. სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 03.20 საათზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა ექვსმა პირმა სოფელ განმუხურთან ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით. მომხადრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ცნობით, თავდამსხემლები უკან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალნენ.




