სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები და ინტერნეტის 1%-ის კანონი

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, თითოეული ჩვენგანი ერთობ პროზაული პრობლემის წინაშე დადგა. არსაიდან წამოიჭრა რიტორიკული შეკითხვა, რომელიც დაუყოვნებლივ და აუცილებელ პასუხს საჭიროებს. შეკითხვა შემდეგია: როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი მეგობრების რაოდენობა სოციალურ ქსელში არც იმდენად დიდი იყოს, რომ უინტერესო სპამმა წაგვლეკოს და არც იმდენად პატარა, რომ მოწყენილობისაგან მოვკვდეთ?! ეს კი უპირატესად ჩვენთვის საინტერესო ადამიანების დახარისხებისკენ გვიბიძგებს, თუმცა რა პრინციპით უნდა მოხდეს მათი დახარისხება, კვლავაც უცნობია.

ამ პრობლემას უფრო შორსმიმავალი ფესვები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რთული სისტემების კვლევებს უკავშირდება. ეს კვლევები თანამედროვე მეცნიერებაში სინერგიის სახელით არის ცნობილი. უხეშად რომ განვმარტოთ, სინერგია ზესისტემური კანონზომიერებაა, რომელიც სისტემის შემადგენელი ნაწილებისაგან დამოუკიდებლად არსებობს და სისტემას თავისუფლების დამატებით ხარისხს ანიჭებს. ამის ნათელი მაგალითი ჰაერში ჟანგბადის შემცველობაა: მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის გამომმუშავებელი ერთეულების (მცენარეების და სხვა ცოცხალი არსებების) რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი არაა, ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მაინც 21%-ის ფარგლებში რჩება.

როგორც აღმოჩნდა, სოციალურ ქსელებში ადამიანები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან. ეს კლასიფიკაცია სათავეს Web 2.0-ის შექმნიდან იღებს, როდესაც მომხმარებელთა ფართო მასებს ინტერნეტში საკუთარი ინფორმაციის იოლი განთავსებისა და კომენტირების საშუალებები მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ვიკიპედიის სტატიის დაწერა, ან Youtube-ში ვიდეოს ატვირთვა ფიზიკურად ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ამას, როგორც აღმოჩნდა, მათი ძალიან მცირე ნაწილი აკეთებს. უმრავლესობა მაინც მხოლოდ ინფორმაციის მოხმარებითაა დაკავებული. იგივე ითქმის სოციალურ ქსელებში ჩვენს აქტივობაზეც: ძალიან დიდი ნაწილი კითხულობს, ვიდრე წერს და აკომენტებს. ეს ფაქტორი კი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეგობრების სიის ფილტრაციის დროს.

ინტერნეტის მომხმარებლების გენერირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, ბენ მაკკონელმა და ჯეკი ჰუბამ ჯერ კიდევ 2005 წელს მოულოდნელი კანონზომიერება დაადგინეს, რაც მას შემდეგ არაერთხელ დამტკიცდა ემპირიულად. კანონზომიერება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ 1% ქმნის ინფორმაციას, 10% ამ ინფორმაციას მცირედით ცვლის, ან კომენტარს ტოვებს და დანარჩენი 89% კი პირდაპირი გზით მოიხმარს ისე, რომ საკუთარი არსებობის არანაირ კვალს არ ტოვებს. გადანაწილება „1-10-89” ბოლო წლებში დიდი განსჯისა და განხილვის საგანს წარმოადგენს ინტერნეტის ბლოგებსა და ფორუმებზე, სადაც ინფორმაციის მწარმოებელთა 1% დანარჩენ კომენტატორ 10%-ს საყვედურობს მათი მცირერიცხოვნების გამო.

სოციალურ ქსელებში მეგობრების სიის ფორმირება, ზემოხსენებული ინტერნეტის 1%-ის ემპირიული კანონის გათვალისწინებით, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ეფექტურია. თუ შერეულ ვარიანტებს გამოვრიცხავთ, იდეალურ შემთხვევაში სულ ორი შესაძლო სცენარის წარმოდგენა შეიძლება: 1) მომხმარებელი და კომენტატორი მეგობრების სიაში შლიან ყველა მომხმარებელს და მხოლოდ ინფორმაციის მწარმოებლებს და კომენტატორებს ტოვებენ; 2) ინფორმაციის მწარმოებლები კი შლიან ინფორმაციის მწარმოებლებს და საკუთარი კომენტატორებისა და მკითხველების პირისპირ რჩებიან. სინერგეტიკული კანონზომიერების ცოდნა ამგვარად სისტემის უკეთ გააზრების საშუალებას გვაძლევს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. სწორად ამ გზითაა შესაძლებელი, რომ არც სპამი გვახრჩობდეს და არც მოწყენილობა გვაწუხებდეს. 

კომენტარები