თბილისი

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გუდიაშვილის მოედანი მანიფესტანტებმა რამდენჯერმე მოინახულეს. მათ პროტესტი გამოფენა-გაყიდვით, ცეკვა-სიმღერითა და სხვადასხვა პერფორმანსით გამოხატეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისაგან გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენასა და ისტორიული შენობების დაუყოვნებლივ გამაგრებას მოითხოვდნენ.

გუდიაშვილის მოედნის ირგვლივ ხმაური სოციალურ ქსელებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. საზოგადოების ინფორმირებისა და მობილიზების მიზნით, Facebook-ზე ჯგუფიც შეიქმნა – STOP Destroying Gudiashvili Square. სწორედ ამ ჯგუფში დაგეგმეს აქციებიც. უკმაყოფილება კი ავსტრიული კომპანიის Zechner & Zechner-ის მიერ ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მათ მიერ განთავსებულ ფოტოებს მოჰყვა. ტექსტში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მულტიფუნქციური პროექტის განვითარების კონკურსში გაიმარჯვა, წარმოდგენილია გუდიაშვილის მოედნის კონცეპტუალური განვითარების გეგმაც. Zechner & Zechner-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანი გუდიაშვილის სკვერის ირგვლივ მაღაზიებით, ოფისებითა და რესტორნებით მულტიფუნქციური სივრცის შექმნა იყო. პროექტის მიხედვით, შენობების პირველ სართულებზე რესტორნები და მაღაზიები იქნება, ზედა კი საოფისე ან საცხოვრებელი ნაწილებია. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გარკვევით წერია, რომ შენობებს ისტორიული სახე შეუნარჩუნდებათ. თუმცა, საწინააღმდეგოს აჩვენებს დართული ფოტოები, რამაც საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა და მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და განახლებული გუდიაშვილის ფოტოების მიმართ უნდობლობა გამოიწვია.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტს სამშენებლო კომპანია ირაო ჯგუფი ახორციელებს. მისი პრეზიდენტი, გიორგი მაღრაძე ირწმუნება, რომ კონკურსი, რომელშიც ავსტრიულმა კომპანია Zechner & Zechner-მა გაიმარჯვა, ირაო მაგნატმა გამოაცხადა. „კონკურსი მხოლოდ კონცეფციის შემუშავებას ისახავდა მიზნად. ამ კომპანიისთვის არავის დაუვალებია, ფასადური გადაწყვეტაც წარმოედგინათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ხედვაა”. მისივე თქმით, ირაო მაგნატ გუდიაშვილსა და თბილისის განვითარების ფონდს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ერთ-ერთ დანართში წარმოდგენილია განვითარების კონცეფცია, სადაც დეტალურად წერია, კონკრეტულად რა სახის და ხარისხის შენობები იქნება ამ ტერიტორიაზე: „ძეგლების ავთენტურობა არ დაირღვევა. ეს უპირველესად ინვესტორი კომპანიის ინტერესშია”.

როგორც მერიაში ამბობენ, გუდიაშვილზე 2003 წლიდან ხელოვნებათმცოდნეების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. 2007-დან პროექტირებაში ფონდიც ჩაერთო. ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა შენობები და ისტორიული კვლევა წარმოადგინა. მანუჩარ მახათაძის თქმით, ამ და კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასა და კვლევებზე დაყრდნობით, დაიწყო მოედნის განვითარების კონცეფციის დაგეგმვა. მისივე თქმით, ინვესტორი ავსტრიული კომპანიაა, თუმცა, პროექტირებას ქართული მხარე ფონდთან შეთანხმებით აწარმოებს.

გუდიაშვილის მოედანს ხუთი ქუჩა უერთდება. მოედნის ირგვლივ რამდენიმე შენობა დგას. მათგან მხოლოდ ერთი, 23 ნომერი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დანარჩენი ყველა ძეგლის სტატუსს ატარებს. შენობის ის ფასადური ნაწილი, რომელიც უშუალოდ მოედანზე გამოდის, ხელშეუხებელი ძეგლის ნაწილია, ამიტომ, კონცეფციის მიხედვით, მისი ავთენტურობა უნდა შენარჩუნდეს. ფონდის მთავარი არქიტექტორის თქმით კი შენობები, რომელიც გადის უკან, ანუ ეზოს მხარეს, გვიან მიშენებულია (60-იანი წლების, ზოგი უფრო ადრეული) და სავალალო მდგომარეობაშია. შესაბამისად, ამ ნაწილის დემონტაჟი მოხდება. მის ადგილზე კი ახალი აშენდება. ზოგან მოცულობა ერთი სართულით მოიმატებს, ზოგან უცვლელი დარჩება. ეს, ბუნებრივია, ამ კომპლექსის რეაბილიტაციას ინვესტორისთვის საინტერესოს ხდის: საუბარი სოლიდურ, რამდენიმე მლნ ევროს ღირებულების ინვესტიციაზეა. რა თქმა უნდა, გარკვეული გათვლები უცხოურ კერძო კომპანიასაც აქვს, რომელმაც ეს ინვესტიცია უნდა გააკეთოს. ამასთან ერთად, ადგილი, ეკოპოლიტიკის სამსახურის უფროსის ზვიად არჩუაძის თქმით, ზოგადად ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ ის ძველი თბილისის ნაწილია, იმ ცენტრებს უკავშირდება, სადაც ტურისტები იყრიან თავს – „თუ ჩვენ გვინდა თბილისი განვიხილოთ, როგორც გართობისა და ვაჭრობის ცენტრი, ამისთვის ამ ადგილის განვითარება აუცილებელია. ჯერჯერობით უცნობია გუდიაშვილზე რა ბრენდები შემოვლენ. საკონსულტაციო კომპანიაზე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი. მომავალში მათთან ერთად ბრენდების შემოყვანაზე ვიმუშავებთ”.

ტფილისის ჰამქარის ხელმძღვანელი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ირაო მაგნატს გუდიაშვილი შემაშფოთებლად დიდი უფლებებით გადაეცა. „ამ ავსტრიულ კომპანიას მუნიციპალური უფლებებიც კი მიანიჭეს”. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს გადააადგილოს ქვაფენილი, მათ შორის, ტროტუარი, ფეხითმოსიარულეთა ზონა და სამაშველო და საგანგებო შემთხვევათა სამსახურების მანქანათა მისასვლელები და მისადგომები. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ტფილისის ჰამქარი სარჩელს ამზადებს. მისთვის გაუგებარია რეაბილიტაციის პროექტის გაუმჭვირვალობა და გამაგრებითი სამუშაოების დაგვიანება.

მთავარი არქიტექტორის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან გამაგრებითი სამუშაოები ძირითად პროექტს უნდა მიებას – „ეს არის შიგნითა გეგმარება, მისი ძირეული გადაკეთება კი მომავალი მეპატრონის თემაა. ამიტომ აქამდე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ფულის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა”. ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შემდეგ დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. მისივე თქმით, უახლოესი ორი თვის განმავლობაში, ირაო მაგნატი თავდაპირველად „ლიტერატურული საქართველოს” ყოფილი შენობის რეაბილიტაციას დაიწყებს, რადგან ძეგლი იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია, რომ შიგნით შესვლაც კი სახიფათოა. „შენობა შეინარჩუნებს იერსახეს. უპირველესად საძირკველს გაამაგრებენ. როდესაც შევხვდით ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფს, მათ ავუხსენით, რომ ხის აივნები და ის ნაწილი, რომელიც მის ფასადს ამშვენებს, ამ ეტაპზე უნდა მოიხსნას, გაიწმინდოს, მოხდეს დროებით მათი დასაწყობება. აუცილებელია სახურავის მოხსნა, ვინაიდან წყალს ატარებს. ძირითადი გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ კი სახურავი ისევ დაიდგმება და ის ხის ელემენტები აღდგენილი სახით ისევ დამონტაჟდება ფასადზე”. 

ხელშეკრულების დანართის მიხედვით, გუდიაშვილის სკვერის განახლების პროექტი 4-5 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. 

კომენტარები