იუსტიციის სამინისტრო

ID ბარათი - წლის ნოვატორული პროექტი

იუსტიციის სამინისტროში 2011 წელი შეაჯამეს. მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორულ პროექტად ID ბარათები დაასახელა. „ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება, სულ ახლახანს მის მფლობელებს ნოვაცია „საქართველოს ბანკმა" შესთავაზა. ბანკის მომხმარებლებს აღარ უწევთ მომსახურებისთვის საჭირო აპლიკაციის ხელით შევსება, ID ბარათის გამოყენებით, მოქალაქის მონაცემები ადვილად და უშეცდომოდ გადადის აპლიკაციაზე რიდერის საშუალებით. გამარტივებული სერვისების მიღება ელექტრონული პირადობის მოწმობის ყველა მფლობელს, საქართველოს 100 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუძლია".

ID ბარათის გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწო. მისი საშუალებით შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა. მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა ჩაანაცვლა სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის ფუნქცია. 10 დეკემბრიდან კი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობით იქნება შესაძლებელი.

ID ბარათის აღება საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. დაჩქარებული მომსახურების მსურველებისათვის კი ელექტრონული პირადობის მოწმობა შაბათ-კვირასაც გაიცემა. ათი დღის ვადაში ბარათის აღების საფასური 30 ლარია, განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს - 40 ლარი. 60 ლარის გადახდის შემთხვევაში ID ბარათის აღება ოცდაოთხ საათშია შესაძლებელი, განაცხადის დაკეთების დღესვე ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური კი 65 ლარს შეადგენს.

 

კომენტარები