საქართველოს პარლამენტმა ეროვნული უსფართხოების ახალი კონცეფცია 113 ხმით დაამტკიცა. ახალი დოკუმენტი 2005 წლის ივლისში მიღებულ კონცეფციას ანაცვლებს.
ეს არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, მასში ჩამოყალიბებულია მთელი ქართული საზოგადოების ხედვა - აღნიშნა კენჭისყრის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. დოკუმენტის პროექტი პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიის პირობებში შემუშავდა , კონსულტაციებში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განმარტებით, ახალ კონცეფციაში 2008 წლის ომით შეცვლილი რეალობა აისახა. საქართველოს მთავარ საფთხეებსა და გამოწვევებს შორის მასში დასახელებულია რუსეთის მერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები.
წინა კონცეფცია 2005 წელს მიღებულია და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა რეალურია, მაგრამ მცირეა.
23 დეკემბერს დამტკიცებული უსაფრთხოების კონცეფცია განმარტავს საქართველოს სურვილს რუსეთთან იქონიოს „კეთილმეზობლობის და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა“, თუმცა ამბობს, რომ ეს ვერ მოხდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და დეოკუპაციის პროცესის დაწყების გარეშე.
კონცეფციის ცალკე თავში ლაპარაკია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე , აღნიშნულია, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ ვერ შეცვალა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ და 2004 წლის შემდეგ ქვეყანამ ნატოსკენ გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია. კონცეფცია ასევე განმარტავს ეროკავშირში საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაციის მნიშვნელობას ქვეყნისთვის და აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებში. დოკუმენტის თანახმად, საქართველო „აღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორობას“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ასახულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2009 წლის იანვარში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში.




