კალათბურთი

ჩვენი ჯგუფი ევრობასკეტზე

წელს, ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე ჯეკპოტი მოვხსენით. იქ მართლა კარგი იყო და საქართველოს ნაკრებმა რესპექტაბელური კალათბურთით ევრობასკეტის ძველი ბიჭების პატივისცემა მიიღო. მანუჩარ მარკოიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, ზაზა ფაჩულიას, დანარჩენების ნაკრები შემდეგ ევროფესტივალზეც უნდა იყოს. იქნება. გერმანიაში, ფრაიზინგში შემდეგი ევრობასკეტის წილისყრა იყო. საქართველომ D ჯგუფში ბოსნია, რუმინეთი, ლატვია და ჰოლანდია მიიღო. სასპარინგო ჯგუფია. მშვიდად, შფოთვის და ტრავმების გარეშე გასავლელი ჯგუფი.

ორი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში იქნება. იქ ამ ამბებისთვის უკვე მაგრად ემზადებიან და სლოვენიაშიც იგივე სიტუაცია იქნება, რაც ლიტვაში. ესპანეთი ფავორიტად, სლოვენია ესპანეთის პირველ ჩელენჯერად და თუ საფრანგეთის და რუსეთის კალათბურთის ფედერაციები პარკერ-კირილენკოს დაზღვევებს გაქაჩავენ, ეს ორიც სათქმელს იტყვის. საქართველო სლოვენიაში პირველი ადგილით უნდა ჩავიდეს. ჰოლანდია (სანაკრებო დონეზე) კალათბურთში პერიფერიაა. რუმინეთი ჰოლანდიის დონეა და პირადულში, ალბათ, მოგებებს გაცვლიან. ლატვია და ბოსნია უფრო საინტერესო თემაა. იქ კალათბურთი აქტუალურია და იქ კალათბურთს უფრო ინტელექტით თამაშობენ, ვიდრე სიმაღლით.

ფინალურ ეტაპზე შესარჩევის 6 ჯგუფიდან 12 მონაწილე შევა. სლოვენიის ვიზას აიღებენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და ოთხი საუკეთესო მესამე გუნდი. ჯგუფში თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჯერ გაირჩევა პირადულში აღებული ქულები, შემდეგ პირადულის +/– და მერე საერთო +/– იქნება გასათვალისწინებელი. შედარებით თანაბარ ჯგუფში ეს ნიუანსები რეალურად საინტერესო იქნება. ჩვენთვის უინტერესო უნდა იყოს. ოპტიმალური რუსტერით და კონდიციებით, საქართველოს ნაკრები ლატვიაზე და ბოსნიაზე უკეთესია.

ბოსნია ევროპის ჩემპიონატის ფინალურებზე თითქმის სულ ხვდება. ორჯერ (2007, 2009) ზედმეტი იყო. როცა ზედმეტი არ არის, თამაშობს, ბევრს აგებს, ცოტას იგებს და შემდეგი ციკლისთვის მზადებას იწყებს. ადრე, სულ პირველად (1993) რომ მოხვდა ბოლო ფაზაზე, სწრაფად მოვიდა აზრზე, ნორმალური კალათბურთი ითამაშა და მერვე ადგილზე გავიდა. მერვე ადგილზე ზემოთ ბოსნია ვეღარ ავა და ბოლო ევრობასკეტზე მეჩვიდმეტეა. ლიტვაში ბოსნიას ცოტა არ გაუმართლა.

იწყებს საბერძნეთით, იგებს პირველ ტაიმს და აგებს 67:76. მონტენეგროსთან ბოლო მეოთხედში აკრიფა და 94:86 დაშალა პეკოვიჩის და კუკის გუნდი. დადგა ფინეთთან და 64:92 მიიღო. ფინეთთან სხვა, ცუდი ბოსნია იყო. უგებს ხორვატიას 92:80 და ბოლო გარჩევაში, მაკედონიასთან უნდა მოიგოს. მაკედონიასთან ბოსნიას ბო მაკალებმა 22 ქულა აჩუქა და მურტალი მაკედონია შემდეგ ეტაპზე გადის.

ტურნირზე და ტურნირამდეც, ბოსნია ერთი ნიჭიერი პერსონაჟის ნიჭზე და ხასიათზე იყო დამოკიდებული. მირზა ტელეტოვიჩი ესპანეთში მილიონებს იღებს და იქ სტაბილურად სტაბილურია. ნაკრებში საკუთარ თავზე ცდებს ატარებს და თუ აიჭრა, ნაკრებს პრობლემები აქვს. ტელეტოვიჩმა მონტენეგროსთან ბოლო მეოთხედში ოთხი სამიანი ჩასვა, დაცვაში ბრიუს ბოუენივით იდგა და პირადად მოიგო ის ტესტი. მაკედონიასთან 35 წუთში 8 ქულაზე მეტი ვერ აკრიფა და როცა ხუთეულში იდგა, ბოსნიამ ის დრო მინუს თექვსმეტით წააგო. ბოსნია ძირითადად, ეს ფორვადია. კახა ლაბორალში ტელეტოვიჩი პეტროვიჩი და გალისია. ნაკრებშიც თუ მშვიდად ითამაშებს, მოუმატებს, ტელეტოვიჩთან (ბოლო ევრობასკეტზე 13.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.4 პასი) ერთად, ბევრს აკეთებენ ამერიკელი ბოსნიელი, პირველი ნომერი ჰენრი დომერკანტი (13.2+3.4+1.8 პასი) და კიდევ ერთი ფორვარდი, ნიჰად დედოვიჩი (10.6+4.8+1.2).

ლატვია ლიტვაში ერთობოდა. საფრანგეთთან სამიანების ვუდსტოკი წავიდა და თავიდან, უფრო სმენადი რიფები ლატვიას ჰქონდა. იანის ბლუმსი თითქმის პარკერი იყო და ტონისთან ერთი-ერთში 32 ქულა წამოიღო. პარკერმა 31 და 7 პასი შეაფუთინა, სხვა ფრანგები სხვა ლატვიელებზე უკეთესები იყვნენ და ტონის ბანდამ 89:78 დასვა. ლატვია აგებს იტალიასთან (62:71) და ბოლო მეოთხედამდე ანდრეა ბარნიანის პიცერიაზე გემრიელია. ბოლო მეოთხედში ლატვია ცხრაქულიანია. იტალიასთან უკვე რიჰარდს კუკსიკსი კოლექციონერობს (19). სერბეთთან რამდენიმე ლატვია იყო. თავიდან ძალიან ცუდი (I მეოთხედი, 7:23), მერე ესპანეთზე ჩამგდები (II მეოთხედი, 26:15) და მეორე ტაიმში ლატვია ლატვიაა. სერბეთი 92:77 იგებს. ისრაელთან 88:91 მორჩა და გერმანიასთან სერიოზული ჩეხვა წავიდა.

კუკსიკსის ორი თავისუფალი სროლით ლატვიამ 79:75 წაიყვანა. ჰაიკო შაფარციკმა სამიანი გაუშვა და უკვე მინუს ერთია. კუკსიკსის ერთი ქულით ლატვიამ 80:78 დასვა და ბოლო წამებზე შაფარციკმა სამიანით დახურა ამბები. ლატვიამ დირკ ნოვიცკის 11 ქულაზე მეტი არ მისცა და წააგო. ლატვიამ კრის კამანზე ძვლები დაიმტვრია და მაინც წააგო. ლატვიამ ევრობასკეტის ყველაზე რთულ ჯგუფში ვერ მოიგო და მაინც საინტერესო, დასამახსოვრებელი იყო.

კუკსიკსი და ბლუმსი ტურნირს იდენტური სტატისტიკით ამთავრებენ – 16.0 ქულა და 27 ზუსტი ცოცხალი სროლა. კუკსიკსი უფრო მშვიდი ტიპია, 201 სანტიმეტრს კარგად იყენებს. არიზონა სთეითში ამერიკულ კალათბურთს სწავლობდა. პრინციპში, ისწავლა. მომენტებში ოდნავ მოუხეშოა და ფოლებს სწრაფად აგროვებს, მაგრამ ძირითადად, კარგი ბიჭია. ევროპის ჩემპიონატზე ფორვარდმა სამიანების 58.1% (31/18) გამოიყენა. ფენომენალურია.

ბლუმსი სერიოზული ტიპია. ითამაშა ვენტსპილსში, ლიეტუვოს რიტასში, ნაპოლიში და ბილბაოში. ზედმეტი არსად იყო და ნაკრებში ყველაფერს ასწრებს. ლიტვაში ასაღებს იღებდა, ხსნიდა (3.2), პასებს პაპალუკასივით (4.0) არიგებდა და ბლუმსის 188 სანტიმეტრში დიდი დოზით აგრესიაა. იანისი უფრო მეორე ნომერია და პირველზეც მშვიდად დგება. ბლუმსი ლიტვაში შეცდომებსაც აგროვებს (2.6), მაგრამ ლატვიას უკეთესი გამთამაშებელი რომ ჰყავდეს, ბლუმსი უფრო თავისუფალი და აკურატული იქნება.

ლიტვაში ლატვია ვარსკვლავის, ანდრის ბიედრინსის (213, გოლდენ სტეიტი) გარეშე იყო. ბიედრინსი ამერიკაში ზედმეტი არ არის და სტაბილურად აგროვებს მოხსნებს და მილიონებს. კარიერაში 7.7 ქულა და 8.0 მოხსნა აქვს. საუკეთესო სეზონი 2008/09 – 11.9 ქულა, 11.2 მოხსნა, 2.0 პასი, 1.5 დაფარება, 1.0 ჩაჭრა. ჩვენთან შეიძლება არ იყოს. ან იყოს. თუ იქნება, უკეთესი ტესტები წავა.

გამსვლელ და საინტერესო ჯგუფში ვართ. და სლოვენიაში პირველი ადგილით უნდა გავიდეთ.

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი: 18.08.2012 – რუმინეთთან, 21.08 – ბოსნიაში, 24.08 – ლატვიასთან, 27.08 – ჰოლანდიაში, 02.09 – რუმინეთში, 05.09 – ბოსნიასთან, 08.09 – ლატვიაში, 11.09 – ჰოლანდიასთან.

კომენტარები