თბილისის მერიაში აცხადებს, რომ ახალ სავაჭრო ჯიხურებში პრესის გაყიდვაც იქნება შესაძლებელი. პრესის ჯიხურების აღებასთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით მერიის პრეს-სპიკერმა ბაჩო დოლიძემ თქვა, რომ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად აუქციონში მონაწილეობა ყველა კომპანიას შეუძლია, მოგების შემთხვევაში კი მათ ექნებათ საშუალება გაყიდონ ის საქონელი რაც სურთ, მათ შორის ჟურნალ- გაზეთები.
მერიამ პროექტ ”1000 ჯიხურის” ფარგლებში აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეებისთვის შეზღუდვები არ არსებობს. მერიის განმარტებით ახალი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მიმდინარეობს, მის ფარგლებში კი ქალაქში ძველ და უსახურ ჯიხურებს ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები ჩაანაცვლებს. აქამდე დედაქალაქის მასშტაბით 250-ამდე ადგილზე იყო გაცემული ჯიხურის ნებართვა, დღეისთვის 1000 ადგილია გამოყოფილი. მერიის განმარტებით , მიზანი დაინტერესებული პირებისთვის თანაბარი პირობების შეთავაზებაა, თანაც უკვე ჩატარებულ აუქციონებში მონაწილეობა მიიღეს პრესის გამავრცელებელმა კომპანიებმა, ზოგმა შეძლო გამარჯვებამ ზოგმა ვერა. ამ განმარტების მიუხედავად, მედიის რიგი წარმომადგენლები მერიის პროექტს პრესაზე ზეწოლის ღონისძიებად განიხილავენ. 29 ნოემბერს ისინი მერიის წინ გამართავენ საპროტესტო აქციას ლოზუნგით :” პროტესტი ქართული მედიის გადასარჩენად, ერთად დავუპირისპირდეთ ხელისუფლების ბრძოლას ბეჭდური მედიის წინააღმდეგ!”. ” მოვითხოვთ რომ ეს ე.წ. "ჯანსაღი კონკურენციის" საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და შესაბამისად თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე".- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. მიმართავს ხელს აწერენ საქართველოს პრესის ასოციაცია, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, გაზეთები: ალია, ასავალ-დასავალი, არსენალი, ახალი თაობა, ვერსია, თბილისელები, კვირის პალიტრა, რეზონანსი და ასე შემდეგ .




