თბილისი

აჟიოტაჟი პრესის გამავრცელებელი ჯიხურების გარშემო

თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მოტივით, დედაქალაქში ჯიხურის განთავსებაზე ინტერნეტ აუქციონი გამოაცხადა. თბილისის მერიის ინფორმაციით, თუ აქამდე დედაქალაქის მასშტაბით 250-მდე ადგილზე იყო ჯიხურის ნებართვა გაცემული, დღეს ქალაქის მასშტაბით 1 000 ადგილია გამოყოფილი.  თბილისის მერიის განმარტებით,  ნებისმიერ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს, ვისაც ნებართვის საფუძველზე უკვე აქვს ჯიხური, ხელშეკრულების დასრულებამდე ჯიხურის აღება არ ევალება. თუმცა პრესის გამავრცელებელ ჯიხურების მეპატრონეები ამბობენ, რომ სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე აუქციონი ძირითადად სწორედ იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები. კომპანია პლანეტა ფორტეს დირექტორის მერაბ ჩანჩალაშვილის განმარტებით, მათ კომპანიას მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 6 ჯიხურის აღება მოსთხოვეს. მიზეზად კი მერიის ზედამხედველობის სამსახურის  ნებართვის  უქონლობა დაასახელეს - ”წლების წინ, როდესაც ჯიხურები ჩავდგით მხოლოდ მერიის შესაბამისი დადგენილება იყო საკმარისი, რაც გვაქვს კიდეც. თუმცა ისინი მიწის იჯარის საბუთს ითხოვენ, რაც ახლახან შემოიღეს და ბუნებრივია არ გვექნება”.  მერიაში კი ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის  გამონაკლისი ან შეღავათი რის საფუძველზეც გარკვეულ პირებს ჯიხურის ჩადგმის ნებართვა ინტერნეტ აუქციონის გარეშე მიეცემათ, გამოიწვევს იმ ადამიანების უფლებების დარღვევას, რომლებმაც აუქციონში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. ”მერია ვერ დაუშვებს გამონაკლისს და უნებართვო ჯიხურებს ვერ დატოვებს ქალაქში, რადგან ამ შემთხვევაშიც ზარალდებიან ის მეწარმეები, რომლებმაც გაიმარჯვეს აუქციონში და იხდიან იჯარის გადასახადს”. 

კომენტარები