ბათუმი

ცხოვრება ხომ ისეთივე სათუთია, როგორც კვერცხებზე სიარული

ბათუმის სივრცეში, ნელ-ნელა ფრანგი არტისტების ნამუშევრები ჩნდება: ჯერ იყო და, ბულვარში ჟან დიუპის სკულპტურა WHERE დაიდგა, გასულ ზაფხულს ემილ ლოჟიეს ლოკოკინის გამოსახულებიანი L’Arobase მოგვევლინა, გასულ კვირას კი უკვე დამონტაჟდა ელიზა ფანტოზის ინსტალაცია Perilleusement votre. ეს ნამუშევრები არტ-სტუდიო Dot Comma-ს პროექტია, რომლის კურატორიც გელა წულაძეა. თავად გელას სკულპტურა „ყირამალა” – კაცი წითელი გულით უკვე გეცოდინებათ, ის კარგა ხანია, ბათუმის ბულვარს ამშვენებს.

„ფაბლიქ არტი” ბათუმის სივრცეს ყველაზე მეტად უხდება. ის განსაკუთრებულ სილაღეს და სიმსუბუქეს ანიჭებს საპორტო ქალაქს. ავიღოთ თუნდაც ელიზა ფანტოზის Perilleusement votre. ნამუშევარი გიგანტურ კვერცხებზე დადგმულ ფეხსაცმელს – ზღვის ქოშს წარმოადგენს.

– რას ნიშნავს Perilleusement votre, რა არის მისი კონცეფცია? – ვეკითხები ავტორს.

– „ცხოვრება ისეთივე სათუთია, როგორც კვერცხებზე სიარული” – დაახლოებით ეს აზრი დევს ამ ნამუშევარში, – მოკლედ მპასუხობს ის.

ელიზა ფანტოზის შესახებ არტ-კრიტიკოსები წერენ, რომ მისი ნამუშევრები საზოგადოებრივ სივრცეებში არღვევენ სიმშვიდეს, პროვოკაციულია და... გვიღიმიან. მომხმარებლურ საზოგადოებას თავისი პოეტურობითა და ბავშვურობით დადგენილ დოგმებს ურღვევს და ცხოვრებას ამსუბუქებს.

– რის მიხედვით შეარჩიეთ ადგილი სკულპტურისთვის?

– ადგილის შერჩევაში გელა წულაძე დამეხმარა. ჩემი ინსტალაცია პირდაპირ ახლად აშენებული რედისონის წინ დავდგით (ოფიციალურად ბათუმის მერიის დაკვეთა გახლდათ). მისი პარამეტრებია 5,5მ-2,30მ. მასალად პლასტირი და რეზინი გამოვიყენე. ადგილის კონცეფცია კი ასეთია: იმ ტიპის სასტუმროებში, როგორიცაა რედისონი, ისევე როგორც შერატონი ან კემპინსკი, რომელიც ბათუმში მალე აშენდება, ყოველთვის თავს იყრის პოლიტიკური თუ ბიზნეს ელიტა. ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელთა ცხოვრების წესი თუ დღის განრიგი, დატვირთული საქმიანი შეხვედრებით გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. „ფაბლიქ არტის” დანიშნულებაა სწორედ მოულოდნელ ადგილზე „გადაეყაროს” მომხმარებელს და შეუცნობლად აზიაროს ის ხელოვნებას. ჩემი ნამუშევარი ბათუმის თითქმის ყველა მაღალი შენობიდან მოჩანს, იქნება ეს შერატონი თუ „ანბანის კოშკი”. ღიმილის მომგვრელია, როცა, მაგალითად, რედისონის ბოლო სართულიდან გადმოიხედავ და ძირს, მიწაზე „დაგდებულ” გიგანტურ ფეხსაცმელს ხედავ. ეს მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევს. ყოველ შემთხვევაში, რიგითი ბათუმელების რეაქცია ჩემს ნამუშევარზე ნამდვილად პოზიტიური გახლდათ.

ელიზა ფანტოზი საქართველოში ადრეც ყოფილა. ის Fest i Nova გარიყულა 09-ის მონაწილეა. გასულ წელს, როცა გარიყულას კოლექციიდან ევროპელ არტისტთა ნამუშევრები ევროპის სახლში გამოიფინა, დამთვალიერებელს თვალში მოხვდებოდა მისი მცირე სკულპტურა „კედები კვერცხებზე”. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა,რომ მსგავსი ნამუშევარი ცოტა ხანში ბათუმის სივრცეში გადაინაცვლებდა.

არტისტი სამხრეთ საფრანგეთის პატარა საპორტო ქალაქ სეტედანაა. სწორედ იქ, მისსავე სახელოსნოში დამზადდა Perilleusement votre და ბათუმამდე გემით ჩამოაღწია, მისი მონტაჟი კი საქართველოში Li-Grup-ში მოხდა. გასულ კვირას, ერთი შეხედვით, დაუდევრად დაგდებულ ფეხსაცმელს შერატონის მაღალი სართულებიდან ალბათ უკვე არაერთმა სტუმარმა მოჰკრა თვალი.

 

კომენტარები