ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი კათალიკოს- პატრიარქს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა . ”ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება”- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კათალიკოს-პატრიარქმა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პატრიარქის განცხადებით, მასზე ბევრ საკითხზე იყო საუბარი, განსაკუთრებით დღევანდელობაზე  და მის მომავალზე. შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა.  ” რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი უწმინდესთან. დღეს იყო საინტერესო შეხვედრა, მივიღე ბევრი რჩევა მისგან, რომელსაც გავითვალისწინებ და რომლებიც დამეხმარება ჩემს მომავალ მოღვაწეობაში"- განაცხადა მან და    პატრიარქთან შეხვედრის გამო დღევანდელ დღეს  მის ცხოვრებაში ”ერთ-ერთი ბედნიერი დღე” უწოდა.  ივანიშვილის გარემოცვამ შეხვედრის პოლიტიზირება სცადა. ბიზნესმენის ერთ-ერთმა მრჩეველმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: ” პატრიარქმა საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე და ეს იყო საკმარისი გზავნილი ყველასთვის,  რათა ყველამ იცოდეს როგორია საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული პირის პოზიცია.”

საკვირაო ქადაგებაში პატრიარქმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რადგან ის ქართველია, და გამოთქვა რწმენა, რომ   პრეზიდენტი მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.   აღსანიშნავია, რომ  თავად  ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტისთვის   არ მიუმართავს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით. ივანიშვილის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელიც  დაფუძნებულია მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნაზე და რომლის ძალითაც შეუჩერდა ბიზნესმენს საქართველოს მოქალაქეობა. ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა  გუშინ განაცხადა, რომ ივანიშვილი და მისი მეუღლე ვერ დაელოდებიან  ხანგრძლივ   სასამართლოს პროცესს და  კონსულტაციების შედეგად ალბათ  დაიწერება მიმართვა პრეზიდენტის სახელზე - მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით.  

კომენტარები