ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოლიგარქის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებაზე საკუთარი პოზიცია განმარტა. როგორც ივანიშვილმა "კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ ხოდორკოვსკიმ კომპანია "იუკოსის" აქტივები „აბსოლუტურად უკანონოდ შეიძინა“. ივანიშვილის თქმით, ე.წ. „ზალოგოვი“ აუქციონების გზა უკანონო იყო და ის სახელმწიფო ქონების ამ გზით პრივატიზებას ეწინააღმდეგებოდა. მართალია ივანიშვილი იზიარებს აზრს, რომ ხოდორკოვსკის დასჯა „შერჩევით მოხდა“, მაგრამ დასძენს:” მარტო ამ ნაწილს რომ აშუქებენ მთელს მსოფლიოში ამას არ ვეთანხმები. რატომ არავინ ამბობს, რომ ხოდორკოვსკიმ ეს ყველაფერი უკანონობაზე ააგო? ოპონენტები შემედავებიან, ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს ეს არ უნდა შეახსენო, მაგრამ აბა რა ვქნათ, წავშალოთ წარსული, ისტორია წავშალოთ და დავიწყოთ შუიდან, საიდანაც მოგვეხერხება? ასე არ ივარგებს".
მიხეილ ხოდორკოვსკის ამჟამად რიგით მეორე სასჯელს იხდის. კომპანია იუკოსის პრეზიდენტი 2003 წელს დააპატიმრეს. სასამართლომ მას თაღლითობასა და გადასახადებისგან თავის არიდებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2010 წლის ბოლოს ხოდორკოვსკი მეორედ - ნავთობის დიდი ოდენობით დატაცებისთვის გაასამართლეს და სასჯელის ვადა 14 წლამდე გაუზარდეს. ეს განაჩენი დაგმეს როგორც საერთაშორისო უფლებათადამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ.
თავად ხოდორკოვსკი მის წინააღმდეგ პროცესს ვლადიმირ პუტინთან პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირებს. დასავლურმა მედიამ მას „პუტინის პირადი პატიმარიც“ უწოდა. Amnesty international-მა მიხაილ ხოდორკოვსკისა და მის პარტნიორ პლატონ ლებედევს სინდისის პატიმრების სტატუსი მიანიჭა. პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული ხოდორკოვსკი ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში.




