ბიძინა ივანიშვილი უშვებს , რომ მის მიერ ჩაფიქრებული პარტიის ლიდერი მისივე ვაჟი - 19 წლის უტა ივანიშვილი - გახდეს . მილიარდერი ბიზნესმენი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ფიქრობს, რომ პარტიის სათავეში შვილის ან სხვა ახლო ნათესავის ჩაყენება დაეხმარება გადალახოს სამართლებრივი დაბრკოლებები, რასაც საქართველოს მოქალაქეობის არქონა პოლიტ.პარტიის დაფინანსებაში უქმნის. „ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ 25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, თუნდაც, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მე ამისი სრული უფლება მაქვს. რამდენიმე დღის დაგვიანებით და იმავე რეჟიმში კი ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიასაც, ოღონდ უკვე უჩემოდ და იქ ერთ–ერთი ჩემი ახლო ნათესავი ან სულაც ჩემი ვაჟი, უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად და შესაბამისად გახმიანდება ივანიშვილის გვარიც“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრა“–სთვის მიცემულ ინტერვიუში.მან ნათლად აღნიშნა, რომ მისი ვაჟის შესაძლო ჩართვა მხოლოდ პირობითი იქნება და ამის მიზანი მხოლოდ პარტიის დაფინანსების საკითხების მოგვარება და იმის ჩვენება იქნება, რომ ეს ივანიშვილის პარტიაა.
7 ნოემბერს ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის. ბესელიამ განმარტა, რომ პრეზიდენტისთვის მიმართვამდე ივანიშვილი ელოდება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის საჭირო პროცედურის ამოწურვას. აღსანიშნავია, მოქალაქეობაზე უარის თქმა არ ნიშნავს მოქალაქეობის გაუქმებას, რასაც რუსეთიდან შესაბამისი თანხმობა სჭირდება.
7 ნოემბერსვე მილიარდერი ბიზნესმენი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ამ შეხვედრაზე თქვა , პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ვაპირებ დავრჩე სამოქალაქო სექტორშიო. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სურს მოახდინოს სიტუაციის ანალიზი და შეიმუშავოს გეგმა ”ძალადობის მანქანის” წინააღმდეგ საზოგადოების გასააქტიურებლად.




