ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი და მისი მეუღლე მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვენ

სამოქალაქო  რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის სარჩელზე შესაგებელს რეესტრი სასამართლოში ორშაბათს შეიტანს. ვაშაძის თქმით,  დეტალურად იქნება  დასაბუთებული  და ახსნილი, თუ რატომ შეუწყდათ მათ საქართველოს მოქალაქეობა.

ივანიშვილი და მისი მეუღლე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩივიან და მოითხოვენ  გაუქმდეს მათთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ივანიშვილის ადვოკატი სახალხო დამცველსაც მიმართავს - რაც შეიძლება  სწრაფად  შეისწავლოს და შეაფასოს საქმე.

ივანიშვილსა და მის მეუღლეს მას შემდეგ  შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც საფრანგეთის მოქალაქეები გახდნენ. ქვეყნის კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 32-ე მუხლით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება  საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას იწვევს. რეესტრის ცნობით, ისინი მათ მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და  ფაქტის შესახებ თავად ივანიშვილის  7 ოქტომბრის  განცხადებიდან  შეიტყვეს.

კომენტარები