ივანიშვილი პოლიტიკაში

უსუფაშვილი: იმპიჩმენტი რთული განსახორციელებელია

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა იქნება.

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ , პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მის თქმით,  არსებული კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად კიდევ ერთი წელი დარჩება ხელისუფლებაში.

"თუ გამარჯვების შემთხვევაში არ გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, განწირული ვართ იმისთვის, რომ ერთი წელი ვისხდეთ ახალ პარლამენტში, ქუთაისში და არანაირი საშუალება არ გვექნება, გავლენა მოვახდინოთ ქვეყნის ცხოვრებაზე. ხოლო ამომრჩეველი უკმაყოფილო დარჩება, რადგან ვერაფერს შევცვლით", - აღნიშნა მან.

როგორც "რესპუბლიკელების" ლიდერი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ახალი პარლამენტი მთავრობის დათხოვნის საკითხს დააყენებს, პრეზიდენტს შეუძლია ამ მოთხოვნას ხელი არ მოაწეროს, ხელახალი განაცხადის წარდგენა კი სამი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება და უფრო მეტიც, შემდეგ პრეზიდენტს საშუალება ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, 2013 წლამდე ვითარების შეცვლის ორი გზა არსებობს – „მახინჯი კონსტიტუციის გასწორება“, რათა უმრავლესობას მთავრობის შექმნის საშუალება მიეცეს და სათანადოდ დასაბუთებული იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიმართ. თუმცა, ამის განხორციელება რთული იქნება,  ვინაიდან პარლამენტში  იმპიჩმენტზე  კენჭისყრას საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს დასკვნა სჭირდება.

"კოტე კუბლაშვილი და გიორგი პაპუაშვილი, ჩემი ძველი კოლეგები არიან, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ სტუდენტობიდან. ეჭვი მეპარება, რომ ამის გამკეთებლები არიან. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ხალხი უფრო გამკეთებლები არიან თუ სიო შეიცვალა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი გუნდი პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.

კომენტარები