ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილმა 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილი ნახევარი მილიონი ლარით დააფინანსა

ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილის ფონდს 2009 წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს. გამოცემა „ქართუ-ჯგუფისგან“ მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა მართლაც გადაურიცხა 564 450  ლარი „ფონდ 2020“–ს, რომლის  დამფუძნებელი და თავმჯდომარე,  სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ეროსი კიწმარიშვილი იყო.

ფონდმა “ორიათას ოცმა (2020)” აღნიშნული თანხა კონკრეტული პროექტისთვის მიიღო: “ეროვნული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავება, რომელიც წარმოადგენს სამომავლო პოლიტიკისა და პროგრამების განვითარების მოდელს ეკონომიკური და სოციალური დაგეგმვის სფეროებში”. ფონდ “2020”–ს  2009 წლის 12 მაისს უნდა გაემართა ახალი პროექტის – „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის“ პრეზენტაცია.

თუმცა უცნობია, განხორციელდა თუ არა რეალურად აღნიშნული პროექტი. თავად ფონდის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ეროსი კიწმარიშვილმა ამ საკითხებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთთან” საუბარი არ ისურვა.

ბიძინა ივანიშვილმა კი   1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე  “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე  პასუხისას კიწმარიშვილის დაფინანსების ფაქტი ვერ გაიხსენა. “ინფორმაცია, მე მგონი, მცდარია, მე ეროსი არასდროს არ დამიფინანსებია, გულწრფელად გეუბნებით. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია წერილობით გამოაქვეყნოთ და გაგცემთ შემდეგ პასუხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნეტგაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ, სწორედ 2009 წელს ახერხებს ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია “მაესტროს” მართვის უფლების მოპოვებას: 2009 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „მაესტრო“ მართვის უფლებით, სამი წლის ვადით, გადაეცა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“, რომლის 100%–ანი წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილია. 2010 წლის ბოლოს “მაესტრომ” ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე დღით შეაჩერა მაუწყებლობა.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობის დატოვება, როგორც ბექაური აცხადებდა - ფინანსური პრობლემების გამო. ბექაურის განცხადების თანახმადვე, ფინანსური პრობლემები არხზე “მაესტროს” ეროსი კიწმარიშვილისთვის მმართველობაში გადაცემის შემდეგ შეიქმნა, რადგან, მისივე განცხადებით, კიწმარიშვილი “მაესტროს” პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებდა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მისი დაფინანსება შეწყვიტა.

გამოცემა წერს, რომ  ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ღია წერილში მოიხსენია ეროსი კიწმარიშვილი  სამჯერ ნეგატიურად მოიხსენია.

„აპირებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2009 წელს ტელეკომპანია “მაესტროს” შეძენას და ამის გამო გადაუხადა თუ არა კიწმარიშვილის ფონდს ნახევრ მილიონზე მეტი? – ამ კითხვაზე პასუხი იმ დრომდე იქნება გაუცემელი, სანამ კიწმარიშვილი არ დაარღვევს დუმილს, ივანიშვილი კი გაიხსენებს – როდის და რატომ დააფინანსა კიწმარიშვილის ფონდი“,  - აღნიშნავს „ნეტგაზეთი“. 

კომენტარები