ბიძინა ივანიშვილმა, პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, საკუთარი მოსაზრება რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებაზე გამოთქვა. მისი თქმით, იგი თავიდანვე წინააღმდეგი იყო აუქციონის იმ ფორმისა, რომლის შედეგადაც მიხეილ ხოდორკოვსკიმ და სხვა რუსმა ოლიგარქებმა ხელში მომგებიანი აქტივები ჩაიდგეს. ამავე დროს, მისი აზრით, ხოდორკოვსის დასჯა „შერჩევით“ განხორციელდა.
ბიძინა ივანიშვილს ასევე მოუხდა განმარტებების გაკეთება მის მიერ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე გენერალ ლებედის კანდიდატურის დაფინანსების შესახებ, რომელიც 1989 წელს თბილისში სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდა და 1992 წელს მოლდოვას წინააღმდეგ სეპარატისტების მხარეს რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებს მეთაურობდა.
ივანიშვილს თქმით, ლებედის კამპანიის მხარდაჭერით მან ხელი შეუწყო ბორის ელცინის გამარჯვებას და რუსეთის სათავეში კომუნისტების მოსვლას შეუშალა ხელი. ეს კი, ივანიშვილის აზრით, მთელი დემოკრატიული სამყაროსა და საქართველოს ინტერესებშიც იყო.




