არგენტინა

კრისტინა კირშნერი ხელმეორედ აირჩიეს

ოქტომბერს არგენტინაში არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით კრისტინა ფერნანდეს კირშნერი გახდა. არჩევნებში მონაწილეობა არგენტინის მოსახლეობის 76%-მა მიიღო. მოსახლეობამ პრეზიდენტის გარდა პარლამენტის წევრები და 9 გუბერნატორი აირჩია. მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც მემარცხენე პარტიის, ფრონტი მშვიდობისათვის, ლიდერია, ხმათა 54% მოიპოვა. ეს 1983 წლის შემდეგ დემოკრატიული არგენტინის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (მხოლოდ ხუან პერონმა დააგროვა 1951 და 1973 წლებში 60%). ქალბატონი კირშნერის მთავარ კონკურენტს, სოციალისტ ჰერმეს ბინერს 17%-მა, რადიკალური სამოქალაქო კავშირიდან ცენტრისტ რიკარდო ალფონსინს კი ხმა დაახლოებით 14%-მა მისცა. სან-ლუისის მოქმედმა გუბერნატორმა, როდრიგეს საამ 8%-მდე, ხოლო ეროვნული ფრონტის წარმომადგენელმა ედუარდო დუალემ, რომელიც 2002-2003 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო, დაახლოებით ხმათა 4% დააგროვა.

კრისტინა კირშნერის ფრაქციამ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ადგილთა უმრავლესობა მოიპოვა. არჩევნებში მთავარი მიზანი კონგრესზე კონტროლის აღდგენა იყო, რომელიც ქალბატონმა კირშნერმა 2009 წელს დაკარგა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ლიდერი კონსტიტუციის შეცვლას შეეცდება, რათა მომავალში პრეზიდენტის პოსტის მესამედ დაკავების საშუალება მიეცეს. კირშნერის წარმატებას რეალური ალტერნატივის არარსებობით ხსნიან. ოპოზიციამ ვერ შეძლო მოსახლეობისათვის ერთიანი კანდიდატურის შეთავაზება.

რა განაპირობებს კრისტინა კირშნერის პოპულარობას? ის გამოცდილია – დიდ პოლიტიკაში მეუღლეზე გაცილებით უფრო ადრე გამოჩნდა. 80-იანი წლების ბოლოს პოლიტიკური კარიერა ადგილობრივი საბჭოს დეპუტატის რანგში დაიწყო, მოგვიანებით კი ქვეყნის პარლამენტში შევიდა. 1991 წელს, როდესაც მისი მეუღლე პირველად აირჩიეს სანტა-კრუსის გუბერნატორად, კრისტინა კირშნერი უკვე სენატორი იყო. სწორედ მან უბიძგა მეუღლეს, ნესტორ კირშნერს, 2003 წელს საპრეზიდენტო კანდიდატურა წარედგინა. გამომდინარე იქიდან, რომ კარლოს მანელამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, კირშნერი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. 2007 წელს კი პოსტი მეუღლეს დაუთმო. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, მიზეზი შერყეული ჯანმრთელობა იყო. 2010 წლის ოქტომბერში ნესტორ კირშნერი გულის შეტევით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ პირადმა ტრაგედიამ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი მკვეთრად გაზარდა. უბედურებამ ახალი სიცოცხლე შთაბერა მის პოლიტიკურ კარიერას. დიდი ყურადღება დაეთმო მის გარდერობს – მყვირალა ფერები მუქი ფერის ტანისამოსმა შეცვალა.

ანალიტიკოსების თქმით, ქვეყნის მეთაურის პოპულარობა სტაბილური ეკონომიკური ზრდის დამსახურებაა. კრისტინა ფერნანდესმა თავის ჯგუფთან ერთად შეძლო ღირსეულად გადაელახა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ეს მთავარ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე სარგებლიანი მსოფლიო ფასებისა და ახალი პარტნიორების მხარდაჭერის, განსაკუთრებით კი ჩინეთის, დამსახურებაა. შემოიღეს პროტექციონული ბაჟები, რომლებიც შიდა ბაზარს იცავდნენ. მშპ-ს წლიური 8%-იანი ზრდისა და ექსპორტიდან სტაბილური შემოსავლის წყალობით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები გაატარა. მოხდა საპენსიო სისტემის ნაციონალიზაცია, სკოლების კომპიუტერიზაცია, მკვეთრად შემცირდა უმუშევრობა და სხვა.

თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა. არგენტინა ყოველთვიურად 2 მილიარდ დოლარს კარგავს. კერძო ინვესტიციები 29 მილიარდამდე შემცირდა (2008 წელს 35 მილიარდი იყო). ფასებზე კონტროლმა გაანადგურა ენერგიის შიდა წარმოება. ქვეყანას სერიოზულ პრობლემებთან შებრძოლება მოუწევს. ეს ინფლაცია, კრიმინალის მაღალი დონე, კორუფცია და გადასახადების აკრეფის რეგრესიული სისტემაა, რომლის შემოღებაც, თავის დროზე, სტრატეგიული მიზნის მიღწევით – მაკროეკონომიკური ეფექტიანობის სტიმულირებით – იყო გამართლებული.

კომენტარები