სასამართლო რეფორმა

ნაფიცი მსაჯულები პირველად დაიწყებენ საქმის განხილვას

7 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა გაიმართება.  ნაფიცი მსაჯულები საქართველოში პირველად დაიწყებენ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდების საქმის განხილვას. შერჩევის სხდომამდე, მოსამართლე გაეცნობა მხარეთა მოსაზრებებს და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების სიას დაადგენს, არაუმეტეს 100 პირისა. შერჩევის სხდომაზე 12 ნაფიცი და სულ ცოტა 2 სათადარიგო მსაჯული შეირჩევა, რომლებიც საქმის არსებით განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას და მიიღებენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულები 1994 წელს მანასიანების ოჯახში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული პირების საქმეს განიხილავენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, ასეთი სახის სასამართლო პროცესი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველი პრეცენდენტია. ”ეს წარმოადგენს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს როგორც სასამართლოს რეფორმის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ერთვება თავად საზოგადოება და მხოლოდ საზოგადოება წყვეტს საკითხს ბრალდებულის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის შესახებ” - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები