ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: მთავარია აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს

ბიძინა ივანიშვილმა  ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ია ანთაძეს,  რომელშიც ვრცლად ისაუბრა თავის პოლიტიკურ გეგმაზე და განმარტა  როგორ  საქართველოს შესთავაზებს  მოსახლეობას, თუკი  არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და წარმატებასაც მიაღწევს. ”მთავარია აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს. მთავარია ესენი როგორმე შევაჩერო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შიდა  ტემპერატურა დავწიო”- აცხადებს მილიარდერი ბიზნესმენი ამ ინტერვიუში და განმარტავს, რომ  ”რევოლუციის” გაგონებაც არ უნდა, არც  ”ქუჩის” ხსენება. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ  ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა  უნდა გახდეს პირველი დიდი წარმატება მისთვის და მის გარშემო გაერთიანებულებისთვის.  

ინტერვიუს დასაწყისში ივანიშვილმა  აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო, არ გამორიცხა  შესაძლო დეპორტაციაც, თუმცა გამოთქვა აზრი, რომ ასეთ შემთხვევაში  ხელისუფლების მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება. ”არაფერია გამორიცხული, შეიძლება სახელმწიფოსთვის საშიშ კაცად გამომაცხადონ, შეიძლება მესროლონ”-თქვა ივანიშვილმა. ” საზოგადოებას რომ ეგონა მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში , იმ თანხას, ძირითადად მე ვიხდიდი” - ესეც  მისი განცხადებაა .  ინტერვიუში  ივანიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას პირველ წლებში  გვერდით ედგა, იხსენებს ქვეყნის პრეზიდენტთან ურთიერთობის დეტალებსაც და  ხაზს უსვამს, რომ ამ ურთიერთობაში წყალგამყოფი 2007 წლის 7 ნოემბერი აღმოჩნდა.  ივანიშვილი ირწმუნება, რომ მაშინ პრეზიდენტს პირად საუბარში ”მიუღებელი ” უწოდა და გადადგომისკენაც მოუწოდა.   

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ივანიშვილი ამბობს,  რომ  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მის მიერვე შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში გადავა. მანამდე  კი   საკუთარ გუნდში  ”უმწიკვლო ადამიანებს”  მიიზიდავს. ავტორიტარიზმისგან საზოგადოების დასცავად   საზოგადოების გაძლიერების დაპირებას დებს,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას 2-3 წელიწადში დაბალი ალბათობით ვარაუდობს, თუმცა არც გამორიცხავს.   ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით ”საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთს ყელში აქვს  გაჩხერილი.”

ინტერვიუში ჩამოყალიბებულია  მოსაზრებები საგარეო ურთიერთობებზეც.  ”ნეიტრალიტეტს მგონი ვერ შევძლებთ” - ამბობს ივანიშვილი და დასძენს: ”იდეალური ნატო იყო ჩვენთვის და კვლავაც ვეცდები მასთან დაახლოებას”, შემდეგ , აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ახსენებს და ბოლოს რუსეთს , როგორც საქართველოს დიდ მეზობელს, რომელსაც ”ვერავინ შეცვლის და  სხვაგანაც ვერავინ გადაიტანს.

” ჩვენ უნდა ვიყოთ კომფორტული ყველასთვის და  ვიპოვოთ უსაფრთხო ადგილი. ის, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა - არ არის პოლიტიკა და ამას მხოლოდ რუსეთთან ომის გამო არ ვამბობ. ომამდე მათ, ფაქტობრივად, მოახერხეს და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს რუსეთთან, სააკაშვილის არადიპლომატიური, ემოციური, გაუაზრებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო საქართველოსთვის დაიკეტა რუსული ბაზარი, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ამ ბაზრისკენ გარბის. და არც ომის შემდეგ გადაუდია ვინმეს ჩვენთვის თავი. ყველა ცდილობს, რომ რუსეთს ზედმეტად არ აწყენინოს. ამათ ეს მოახერხეს. ღვინო ვეღარ გააქვთ რუსეთში და გააქვთ ჩინურ ბაზარზე. ჩინელები კიდევ ღვინოს არ სვამენ”- ამბობს ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ჟურნალისტ ია ანთაძეს მისცა. ჟურნალისტს ის  პირად თემებზეც ესაუბრა: ოჯახზე მეგობრებზე,  აღნიშნა,  როგორც უყვარს ქართული სიმღერა, ქართული  ღვინო, ქართული სუფრა,   რომ  არ უყვარს ნადირობა და ბეღურები, რომლებიც მერცხლებს ბუდეს უნგრევენ.

 
ინტერვიუს სრული ვერსი

კომენტარები