ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ რუსეთს მაინც ვერ გავექცევით

სააგენტო როიტერმა ბიძინა ივანიშვილის ვიდეო ინტერვიუს ახალი ფრაგმენტი გამოაქვეყნა.  ინტერვიუს ამ ნაწილში  ბიზნესმენი აცხადებს, რომ  რუსეთის მიერ   საქართველოს ტერიტორიის  20 პროცენტის ოკუპაციის  მიუხედავად ,  საქართველო   იძულებული იქნება მოსკოვთან ურთიერთობები მოწესრიგოს.

“სააკაშვილის გაუაზრებელი ქმედებების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი და  გაუაზრებელი ქმედება განახორციელა რუსეთმა, მან აგვისტოს ომის დროს  საშინელი აგრესია გამოამჟღავნა ” – განაცხადა ივანიშვილმა და  დასძინა, რომ რადგან საქართველო იძულებულია  იფიქროს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაზე, ევროპა და აშშ ამ საკითხში ”შესატყვის” პოზიციას დაიკავებს.

”საქართველომ უნდა მოახერხოს  და იპოვოს თავისი ადგილი გლობალურ პოლიტიკაში” -აღნიშნა  ივანიშვილმა  როიტერთან ინტერვიუში  და განმარტა ისიც, რომ  უკვე დაიწყო მუშაობა ქართველ  ექსპერტთა ჯგუფებთან,  არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებში, არამედ  ქვეყნის  მომავალი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბების  მიზნით.  

ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, ხელისუფლებში  მოსვლის შემთხვევაში,  სამინისტროებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში შესაძლო საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზეც.  აღიარა, რომ  მინისტრების მოადგილეებს, დეპარტამენტების უფროსებსა  და უწყებების რიგითი თანამშრომლებს შორის ბევრი  პროფესიონალია და თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში  არ  მოახდენს ”სამინისტროების დარბევას, დაშლას და დანგრევას“.   ”მთავრობის სტრუქტურაში  გარდაქმნებს  მოვახდენ  ისე, რომ თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილებს შეინარჩუნებს. ”- ნათქვამია  როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

კომენტარები