ივანიშვილის მოქალაქეობა

მოქალაქე ივანიშვილის საკითხი


ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებისას შეუწყდა. ქვეყნის კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 32-ე მუხლით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება  საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას იწვევს. ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო, რის შემდეგაც ის საფრანგეთის მოქალაქე გახდა – Forbes-ის ცნობით 2010 წელს.

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ცნობით, ივანიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ, ოლიგარქის 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს. რეესტრმა იმავე დღეს დაიწყო წარმოება და დაადგინა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის მოქალაქეობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურები ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასრულებულია. 

ეკა ბესელია, რომელიც თავს ივანიშვილის პირად ადვოკატს უწოდებს, ტაბულასთან საუბარში ადასტურებს, რომ მისმა კლიენტმა 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი აიღო. თუმცა, ამბობს, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა, რის საბუთადაც მოჰყავს: 2004 წელს მიღებული მოქალაქეობა, 2006 წელს აღებული საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა; 2011 წელს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდგომ აღებული საქართველოს პასპორტი. ასევე ის, რომ ივანიშვილი 2010 წლის მაისის საარჩევნო სიაში იყო. ბესელია ამბობს, რომ პასპორტის აღებისას ივანიშვილს არ ჰქონდა ვალდებულება, რეესტრისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ ეცნობებინა – ამაზე ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს, საკონსულოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას ჰქონდათ. 

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ვინაიდან რეესტრი გასულ კვირამდე არ იყო ინფორმირებული, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, პასპორტი 2011 წელს ივანიშვილზე ამიტომ გასცეს. მანამდე კი საბუთები მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ჩვეულებრივ გაიცემოდა. ამავე მიზეზით მოხვდა ივანიშვილი საარჩევნო სიაშიც. რაც შეეხება ინფორმაციის გაცვლას მოქალაქეობის მინიჭებაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ტაბატაძის, თქმით, საქართველოს და საფრანგეთს არ აქვთ ერთმანეთში მსგავსი ინფორმაციის მიმოცვლის ვალდებულება. 

ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, საქართველოს მოქალაქეობა ითხოვოს, რაც მას ჯერ არ გაუკეთებია. ეკა ბესელია ამბობს, რომ ელოდებიან, როდის ჩაბარდება ივანიშვილს სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვაზე. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის ვადა მისი მხრიდან 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საკითხი კი ხელმეორედ, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვეში შეიძლება განიხილონ. კანონით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრეზიდენტს შეუძლია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშეც მიანიჭოს. პრეზიდენტის განკარგულება (უარი) მოქალაქეობის მინიჭებაზე შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.

ბიძინა ივანიშვილს პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ექნება. შეზღუდვები ეხება პარტიების დაფინანსებასაც – პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულობების მიღება, სხვა ქვეყნის ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ანაც მოქალაქეობის არმქონეებისაგან, ეკრძალებათ. 

კომენტარები