საარჩევნო რეფორმა

საარჩევნო სუბიექტებს კორუფციისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

საპარლამეტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ახალი კანოპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელთა თანახმად , საარჩევნო სუბიექტებს   ქრთამის აღებისთვის , გამოძალვისთვის  ან  ქრთამის  სანაცვლოდ დაპირებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი გახდება საარჩევნო სუბიექტის – ფიზიკური პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ გზით ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის მიღება ან მოთხოვნა.
 აღნიშნული  ქმედებების გამო, საარჩევნო სუბიექტს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. ხოლო, თუ დიდი ოდენობით - 10 ათას ლარამდე ოდენობის ქრთამს აიღებს - შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა . ქმედების  არაერთგზის ჩადენა ან დიდი ოდენობით – 30 ათას ლარს ზემოთ- ქრთამის აღების დამტკიცება თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას  გაითვალისწინებს.

როგორც ტაბულას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრმა ზვიად კუკავამ განუცხადა, კანონპროექტი საარჩევნო სუბიექტის სახელმწიფო მოხელეებთან გათანაბრებას ითვალისწინებს, შესაბამისად, პირს, რომელიც კენჭს იყრის სახელმწიფო თანამდებობაზე, კორუფციულ გარიგებებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კუკავას განმარტებით, საუბარია საარჩევნო სუბიექტის მიერ არალეგალური დაფინანსებისა ან სხვა სარგებლის  მიღებაზე, რომელიც საარჩევნო კოდექსით დაშვებული შემოწირულობების ზღვარს აღემატება. 

დეპუტატის თქმით, ცვლილებები საერთაშორისო ინსტიტუტების - GRECO-სა  OECD-ს რეკომენდაციით მომზადდა, რომლებიც საქართველოს ურჩევენ  პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესში კორუფციული დანაშაულს პრევენცია გააძლიეროს. 

კომენტარები