საარჩევნო რეფორმა

პარლამენტში ახალი საარჩევნო კოდექსის განხილვა დაიწყო

 პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 19 სექტემბერს მოხდა. მანამდე დოკუმენტი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას გაეგზავნა.
პროექტში შევიდა ცვლილებები, რომლებსაც მიმდინარე წლის ივლისში, მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ ძალას შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს. 
 
დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს, მათ შორის მაჟორიტარების – არსებული 75-დან 83-მდე. ის ოლქები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება, გაიყოფა და დამატებით 10 ერთმანდატიანი ოლქი ჩამოყალიბდება. 
გარდა ამისა, საარჩევნო ფონდებში შემოწირულობების ზედა ზღვარი გაორმაგდება – ფიზიკური პირებისათვის 60 ათას ლარამდე და იურიდიული პირებისათვის 200 ათას ლარამდე. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ,  საარჩევნო ხარჯების დასაფარად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოეყოფათ. ამ თანხიდან 300 ათასი ლარით სატელევიზიო რეკლამის ხარჯები დაიფარება.

ასევე, უნდა გაიზარდოს საარჩევნო პროცესში არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ფუნქციები; დაწესდეს 3-პროცენტიანი ზღვარი საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთებით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე; აიკრძალოს საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებში, გაიზარდოს სარჩელის შეტანის ვადა; შეიცვალოს რიგი სხვა პროცედურები. 

შეთანხმებაში მონაწილე პარტიების უკმაყოფილება პროექტში იმ მუხლების შეტანამ გამოიწვია, რომლებიც შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. პირველ რიგში, ეს კოდექსიდან ამომრჩეველთა მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გამოყენების ამოღებას ეხება. ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ამ ცვლილებებს „სიურპრიზები” უწოდა. მან აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში შეთანხმების თანახმად შექმნილი ერთობლივი სარედაქციო ჯგუფის მუშაობამ, შესაძლოა, აზრი დაკარგოს. 

როგორც ტაბულასთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, ვიდეოთვალზე უარის თქმა ვენეციის კომისიისა და ეუთოს ერთობლივი რეკომენდაცია იყო. მისი  გამოყენება, შესაძლოა, ამომრჩეველმა არჩევნების ფარულობის დარღვევად აღიქვას.

რაც შეეხება მარკირებას, დეპუტატის თქმით, მარკირების პროცედურის არაეფექტიანობის საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების  ნაწილმა არაერთხელ დააყენა და ამ ნორმის  ამოღება „გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად” მოხდა.  

საკუთარი პოზიცია საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – სამართლიანმა არჩევნებმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და  საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ – ერთობლივი განცხადებით გამოხატა. მათი აზრით, პროექტი „არ შეიცავს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით”, ზოგ შემთხვევაში კი „კიდევ უფრო აუარესებს” არსებულ მდგომარეობას. 

 „მართალია, პრაქტიკაში არ ხდებოდა მარკირების პროცედურისა და ვიდეოთვალის ჩანაწერების ეფექტიანად გამოყენება, თუმცა მათი გაუქმების ნაცვლად, არსებული ნაკლოვანი პრაქტიკის დახვეწა, ან, მარკირების შემთხვევაში, კონტროლის სხვა, უფრო ეფექტიანი საშუალებით ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო”, – ნათქვამია დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადებაში. 

ორგანიზაციების უკმაყოფილების საგანი საარჩევნო უბანზე  ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვაც გახდა. ასევე გააპროტესტეს პროექტიდან შეზღუდვის ამოღება საარჩევნო ფონდში თანხების შეტანაზე იურიდიული პირებისთვის, რომელთა წილის 50%-მდე სახელმწიფო ფლობს. მათი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე სახელმწიფო მოხელეთა ჩამონათვალიც იზრდება. 

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თემა „დახურული არ არის”. მმართველი პარტია მზადაა, ყველა საკითხი
როგორც პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილოს. 

დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას „უსასრულოდ არ გადადებს”. თუმცა, ვენეციის კომისიის დასკვნამდე, პროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვა არ იგეგმება. თაქთაქიშვილი ვარაუდობს, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით დეკემბრისთვის გახდება ცნობილი.  

კომენტარები