საარჩევნო რეფორმა

პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა. თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია, საუბარია.

"ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს," - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის კონსესუსის საფუძველზე იქნას მიღებული.

"ამასთან ერთად აუცილებელია, რომ 2015 წელს ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართოს. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია, ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისთვის. პასუხი ამ თვალსაზრისით ნათელია, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა. ვფიქრობ, რომ არგუმენტირებული და გასაგები, თუ რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა, რომ კარგია და მისაღებია, კიდევ ოთხი წლით, არ არის და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე," - თქვა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ორი კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. 

პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება – ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების - დაყოფა. კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთად, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს. 
იცლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება. მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს. 

კომენტარები